2022 წლის ზაფხულში ქართულ მეკობრულ ვებ გვერდებს სადაც მაყურებელს წლების განმავლობაში ფილმების ფართო სპექტრის ნახვა შეეძლო, მსგავსი პროდუქციის გავრცელება აეკრძალათ. კანონიერი მოთხოვნაა და ერთი შეხედვით ვერც შეედავები, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხს კონტექსტიდან ამოვგლეჯთ და მას მხოლოდ საავტორო უფლებების ჭრილში განვიხილავთ.
ამავდროულად, თუნდაც საავტორო უფლებების დაცვის არგუმენტის შემთხვევაში – ჩნდება კითხვა თუ რატომ არ აიკრძალა მსგავსი ვებ გვერდები წლების განმავლობაში და რატომ მოხდა ეს ახლა? პასუხი ცხადია, საკითხი სხვა კომპანიის ინტერესებშია, არა რომელიმე კონკრეტული ჰოლივუდური თუ ევროპული, უშუალოდ ფილმების მწარმოებელი კომპანიის, არამედ ადგილობრივი კომპანიის, რომელსაც წინა გამოცდილება ოპერირებაში ხელს უშლიდა.
ცხადია, აქამდე არსებულ პირატულ პლატფორმებს ალტრუისტული მიზნები არ ამოძრავებდათ, რა თქმა უნდა, მათი მთავარი მიზანი ისევე როგორც მათი ჩამნაცვლებლის უპირველესყოვლისა ფინანსურადაა მოტივირებული, მათ შორის სხვაობა კი უბრალოდ განსხვავებული ბიზნესს მოდელშია და ასევე თამაშის წესებში. თუმცა, საქმე ისაა რომ წინა მოდელში ფილმები ხელმისაწვდომი ყველასათვის იყო, და ამრიგად თანხვედრაში მოდიოდა საზოგადო ინტერესებთან. დღეს კი ეს უფლება მხოლოდ მათ რჩებათ ვისაც თვეში გარკვეული თანხის გადახდა მძიმე ტვირთად არ დააწვება. ოპტიკური ნაკადის ამ ეპიზოდის სტუმარი ელენე აბაშიძეა, ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯის თანამედროვე ხელოვნების კურატორობის მაგისტრი და ამავდროულად, ე.ა. საგამოფენო სივრცის დამაარსებელი და პერიოდული გამოცემის “დანართი”-ის თანადამაარსებელი და თანარედაქტორია. ელენეს ეს გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ თემა ფართო კონტექსტში მიმოვიხილოთ იმდენად რამდენადაც საავტორო უფლებების საკითხი არ არის მხოლოდ საავტორო უფლებების საკითხი, არამედ ის უფრო ფართო, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში დასანახი პრობლემაა