კენ ლოუჩის 2023 წლის ფილმში The Old Oak ცენტრალურ ადგილს ამავე სახელწოდების (ქართულად “ძველი მუხა”) პაბი იკავებს. ეს ბოლო საჯარო სივრცეა ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის ერთ-ერთ პირობით სოფელში, რომელიც ერთ დროს აყვავებულ მეშახტეთა თემს წარმოადგენდა და დღეს სრულად ფუნქცია დაკარგულ დასახლებლად გვევლინება. თემში ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ მძიმდება როდესაც სოფელში სირიელი ლტოლვილები სახლდებიან – პაბი სადავო ტერიტორიად გვევლინება. თუმცა, ამ დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ყალიბდება მეგობრობა, პაბის მფლობელ, ტი ჯეის და იარას, ახალგაზრდა, ფოტოგრაფიით გატაცებულ სირიელ ქალს შორის.
კენ ლოუჩის ფილმების უკეთ გასაგებად ხშირად იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი რომელშიც მის პერსონაჟებს უწევთ ცხოვრება. „ძველი მუხის“ შემთხვევაში ეს კონტექსტი ძველი და ახალი რეალობის გააზრებაში მდგომარეობს. დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისი სულ სხვა მოცემულობას წარმოადგენს იმ 40 წლის წინანდელ მეშახტეთა ცენტრთან მიმართებაში, რომელიც აქაურობას ოდესღაც სიცოცხლით ავსებდა.
გიზიარებთ ამონარიდებს კენ ლოუჩის და სცენარისტ პოლ ლავერტის ინტერვიუდან, რომელშიც ფილმის ავტორები ნაწარმოების ფაბულაზე, ინგლისის ჩრდილოეთის თავისებურებებზე, ნაწარმოებზე მუშაობისას სირიელ ლტოლვილებთან ურთიერთობაზე და არა ერთ სხვა თემაზე საუბრობენ.
თარგმანი: სალომე ლეჟავა
წარსული და ფილმის წინაპირობა
პოლ ლავერტი: ყოფილი მეშახტეთა დასახლებები უნიკალური ადგილებია. ერთ-ერთი ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, ბედნიერება მქონდა შევხვედროდი ჯონ ბერონს, მღვდელს, თავის მშვენიერ ძველ სახლთან. ეკლესია სოფლის შემაღლებულ ადგილას დგას და ბორცვებს გადმოჰყურებს. იმავე დღის საღამოს დაკრძალვის რიტუალი ტარდებოდა. ახალგაზრდა დედამ შვილი სკოლაში გააცილა, სახლში დაბრუნდა და თავი ჩამოიხრჩო. ეს სახე ხატი და ამ ქალის ბოლო დღეების წარმოსახვა წლების განმავლობაში დამყვებოდა და მოსვენებას არ მაძლევდა. მას შემდეგ რაც ამ ყველაფრის შესახებ კენს მოვუყევი, ისიც იმავეს განიცდიდა. კიდევ ერთ ხანშიშესულ ქალს შევხვდი, რომელმაც სხვა ახალგაზრდა ქალები ახსენა, რომლებმაც ცხოვრება ასევე თვითმკვლელობით დაასრულეს.
სოფლებში ხეტიალის დროს საოცარი იყო თემის უფროს წევრებთან საუბარი, რომლებიც მეშახტეები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ. ერთი გამორჩეული, 90 წელს მიტანებული ქალბატონი ისინგტონის მაღაროში მედდად მუშაობდა და მანდ 1951 წელს მომხდარი კატასტროფის დროს, სადაც 83 მაღაროელი დაიღუპა, დაჭრილებს უვლიდა. ვუსმენდი მას და მის მსგავს ადამიანებს რომლებიც 1984 წელს მაღაროელთა გაფიცვაში მონაწილეობდნენ, გაფიცვაში სადაც საზოგადოების სულისკვეთების ძლიერი გრძნობა, ერთიანობა და პოლიტიკური სიცხადე ჩანდა, რაც ასე კონტრასტშია იმ უიმედობასთან რაც ახლა უმეტესობა მათგანს აქვს. ცხადი გახდა, რომ ჩვენი ფილმის პერსონაჟი ‘წარსული’ უნდა გამხდარიყო.
კენ ლოუჩი: ორი ფილმი გადავიღეთ ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ამ დანაწევრებული საზოგადოების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ორივე ისტორია ცუდად დამთავრდა. არა და, ჩვენ იქ ძალიან ბევრ ძლიერ, დიდსულოვან ადამიანს შევხვდით. ისინი ამ მძიმე დროებაზე გაბედულად და შეუპოვრად რეაგირებენ. ვიგრძენით, რომ მესამე ფილმი უნდა გადაგვეღო, რომელიც ამ მიმართებას აირეკლავდა, მაგრამ ასევე გვინდოდა არ დაგვემალა ის სირთულეები რომლებსაც ეს ხალხი აწყდება, გვინდოდა გვეჩვენებინა რა დაემართა ამ მხარეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გაცილებით დიდი ამბავი იყო მოსაყოლი, ამბავი რომელიც უნდა გვეპოვა.
ამოსავალი წერტილი რეგიონის უგულებელყოფილი რეალობა იყო. გაქრა ძველი მრეწველობები – გემთმშენებლობა, ფოლადის და ქვანახშირის მოპოვება – ისინი პრაქტიკულად არაფრით ჩაანაცვლეს. მაღაროელების ბევრი სოფელი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა თავისი დიდი ტრადიციებით, მათ შორის სოლიდარობის ტრადიციებით, ადგილობრივი სპორტული და კულტურული აქტივობებით, პოლიტიკოსების მიერ დასალპობად იქნა მიტოვებული, როგორც კონსერვატორების, ასევე ლეიბორისტების მხრიდან.
[…] ბევრი ოჯახი წავიდა, მაღაზიები, სკოლები, ბიბლიოთეკები, ეკლესიები და უმეტესობა საჯარო სივრცეებისა დაიხურა. იქ სადაც სამუშაო არ იყო, იმედი ჩაქრა – გაუცხოებამ, იმედგაცრუებამ და სასოწარკვეთამ დაისადგურა. საგანგაშო იყო ულტრა მემარჯვენეების გამოჩენა.
სხვა, უფრო განვითარებულ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც მოწყვლად და გაჭირვებული ადამიანებს „პრობლემად“აღიქვამდნენ, ადამიანებს რომლებიც საცხოვრებელ სუბსიდიაზე იყვნენ დამოკიდებულები, მათი გაგზავნა ისეთ რეგიონებში დაიწყეს სადაც საცხოვრებელი იაფი იყო.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. მთავრობამ როგორც იქნა მიიღო ლტოლვილები სირიის საზარელი ომიდან. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით აქ [დიდ ბრიტანეთში] ბევრი ადამიანი არ დასახლებულა, თუმცა სადღაც უნდა ეცხოვრათ. კვლავდაკვლავ, გასაკვირი არ იყო, რომ [ინგლისის] ჩრდილო-აღმოსავლეთმა უფრო მეტი ლტოლვილი მიიღო, ვიდრე სხვა მხარემ. რატომ? იაფი საცხოვრებელი და მხარე, რომელსაც ნაციონალური მაუწყებლები თითქმის არ იმჩნევენ.
პოლმა მოისმინა ისტორიები იმის შესახებ თუ რა მოხდა როდესაც სირიელი ოჯახები პირველად ჩამოვიდნენ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ის ამბავი რომელიც უნდა მოგვეყოლა. მაგრამ დასაწყისისთვის უნდა გაგვეგო ამ ისტორიების არსი. ორი თემი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს, ორივე სერიოზული პრობლემებით, მაგრამ მათგან ერთ-ერთმა წარმოუდგენელი სისასტიკის ომს დააღწია თავი, ტრავმირებულია და გლოვობს მათ ვინც დაკარგა და ვისი დატოვებაც მოუწია. ისინი უცხოები იყვნენ უცხო ქვეყანაში. შეძლებს ეს ორი ჯგუფი ერთად თანაცხოვრებას? წინააღმდეგობრივ პასუხებს მივიღებთ. ასეთ ბნელ დროს, სად არის იმედი?
ახალი რეალობა და პერსონაჟები
პოლ ლავერტი: სოფლებში ხეტიალის დროს, ველაპარაკებოდი ახალგაზრდებს და ასაკიანებს, ვამჩნევდი მიტოვებულ ცენტრალურ ქუჩებს, მაინტერესებდა უფროსი თაობის შინაგანი ცხოვრება, სული და ამის შედარება იმ ახალგაზრდა დედის ტრაგიკულ ისტორიასთან, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორ ჩამოიშალა საზოგადოების სოლიდარობა, რომელიც ყველაზე კარგად გაფიცვის დროს მეშახტეთა სასადილოებში ჩანდა, და გადაიზარდა იზოლაციად და სასოწარკვეთად?
[…] როგორ უნდა გაგვეკეთებინა ისე, რომ ამ ისტორიაში წარსული აწმყოში გაცხადებულიყო? როცა ამ დასახლებულ პუნქტებში დავდიოდით ცხადი გახდა, რომ ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო – აჭედილი მაღაზიები,საცურაო აუზები, ეკლესიები ბიბლიოთეკები, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი პაბების რაოდენობა აღმოჩნდა, რომლებიც ცარიელი ან დანგრეული იყო. ყველაფერი ეს 1984 წლის მეშახტეთა გაფიცვის შემდეგ განვითარებულ ეკონომიკური ცვლილებების დიდ სურათს ირეკლავდა.
რა მოხდებოდა, რომ პერსონაჟად ძველი პაბი აგვეღო, უკანასკნელი პაბი სოფელში, უკანასკნელი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც წარსულთან არის დაკავშირებული, მაგრამ აწმყოში სადავო ტერიტორიას წარმოადგენს? ვიფიქრეთ, რომ “ძველ მუხას” ფესვები ჰქონდა შეზრდილი წარსულთან – ეს აწმყოში არსებული ბევრი კონფლიქტის და წინააღმდეგობის გარკვევაში დაგვეხმარებოდა.
[…] [ფილმზე მუშაობისას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ინგლისის] ერთ-ერთ სოფელში ქუჩაში მიმავალი მოხუცი სირიელი კაცი დავინახე. ტრადიციულ სამოსი ეცვა – სიურრეალისტური სცენა იყო როცა ქუჩაზე, დიდ ძაღლებთან ერთად მდგარ, სპორტულებში ჩაცმულ ახალგაზრდებს ჩაუარა. თითქოს გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, პრაქტიკულად გამორიცხული იყო არ წარმოგედგინა თუ როგორი ტრავმა მიაყენა სირიის ომმა ამ ტანჯულ სულს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში და შოტლანდიაში ჩვენ შევხვდით შესანიშნავ ოჯახებს სირიიდან – თავიანთი ისტორიები გულუხვად გაგვიზიარეს და ძალიან დაგვეხმარნენ.
[…] როგორ რეაგირებს ერთი ტრავმირებული საზოგადოება, როცა ის მეორე, ასევე ტრავმირებული საზოგადოების გვერდიგვერდ აღმოჩნდება? რის დანახვას ვირჩევთ ასეთ დროს? ეს ის კითხვა იყო რომლითაც შეპყრობილები ვიყავით. ასე გაჩნდა იარა როგორც პერსონაჟი, ის ამბის განვითარებაში დაგვეხმარა. რაღაცის დასანახად და გასაგებად ცნობისმოყვარეობა უნდა გაგაჩნდეს. თემში რამდენიმე გამორჩეულ ადამიანს შევხვდით, რომლებმაც ეს მიმართება აირჩიეს ახლად ჩამოსულ სირიელებთან ურთიერთობაში, რაც კიდევ ერთხელ აჩენს მარადიულ კითხვას იმედზე – რა არის მისი წყარო და როგორ ვკვებავთ მას ცვლილებების მისაღწევად?
კენ ლოუჩი: პოლმა და მე ბევრი ვისაუბრეთ უფრო დიდ სურათზე. მან შემომთავაზა სიუჟეტის მხრივ პაბის გარშემო ვკონცენტრირებულიყავით, რომელსაც “ძველი მუხა” ერქმეოდა. პაბის მეპატრონე ტი ჯეი ერთის მხრივ განასახიერებს ბრძოლას, თუმცა, ეს ის ადამიანია რომელიც ერთ დროს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ახლა კი პრობლემებით არის გარშემორტყმული. ზოგადად, ამბავი ურთიერთობების შესახებაა. ამიტომ, პოლმა სირიელი ქალის პერსონაჟი მოიფიქრა – მან ინგლისური ენა ლტოლვილთა ბანაკში საერთაშორისო მოხალისეებთან მუშაობის დროს აითვისა და ასევე ფოტოგრაფიაც თავისით ისწავლა. ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა გაეფართოვებინა საკუთარი თვალსაწიერი მის გარშემო არსებულ სამყაროსთან მიმართებაში. მისი მეგობრობა ტი ჯეისთან ამ ისტორიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს.
[…] როგორც ყოველთვის, ვუსმენდით და ვსწავლობდით. წლების განმავლობაში მიმდინარე სოციალური კონფლიქტებისა და ბრძოლების შედეგად ვიცით თუ რას შეიძლება ველოდოთ, მაგრამ მოვლენების ზუსტი განვითარება და ხალხის რეაქცია ყოველთვის აღმოჩენაა. ერთი რამ რაც ცხადი გახდა, ყველას თავისი სიმართლე აქვს. პრობლემა ისაა, თუ რას სწავლობენ ადამიანები ამ თავიანთი სიმართლიდან. ძალიან დიდხანს გიწევთ ექიმთან რიგში დგომა – ვინ არის ამაში დამნაშავე? სასკოლო კლასები გადავსებულია – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? აქ ერთი გამოკვეთილი ბოროტმოქმედი არ არსებობს. ბრაზმა შეიძლება უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს ადამიანი, მაგრამ ადამიანების ქცევაში ყოველთვის რაღაც ლოგიკაა და თუ ეს გამოგრჩა, ესე იგი დრამას აუფასურებ.
სოფელი უფრო დიდი საზოგადოების ნაწილია. მას ექსპლოატაციის და შეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს, უწინ ეს ბრძოლა მაღაროების მფლობელების წინააღდეგ იყო მიმართული, შედარებით ახლო წარსულში კი ჭიდილი მარგარეტ ტეტჩერთან და შახტების იძულებით დახურვასთან გახდა საჭირო. ამ ბრძოლებმა სოლიდარობის და საერთაშორისო მხარდაჭერის ფასეულობის მნიშვნელობა გვასწავლა. თუმცა, პროფკავშირების შესუსტებამ ინდივიდებს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრისკენ უბიძგა. “აიღე მაგალითი ლიდერისგან”; “არ არსებობს ისეთი რამ რასაც საზოგადოება ჰქვია”; ენტერპრენიორების გაღმერთება – ეს ყველაფერი ცნობიერის იმ ცვლილებას წარმოადგენს რასაც ძველი ღირებულებების გადაფარვა შეუძლია. ამ ყველაფერს ასევე გავლენა აქვს სირიელი ოჯახების მიმღებლობაზე. ამიტომ, ჩვენ ვუსმენდით, ვაკვირდებოდით და პოლი წერდა სცენარს.
კასტინგი
კენ ლოუჩი: წესი ყოველთვის ერთი და იგივეა. მოუსმინე, დააკვირდი და მიეცი საშუალება ხალხს იყოს გულწრფელი. კასტინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ცხადი იყო – ფილმში სირიელები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც უკვე დასახლდა ამ მხარეში. სცენარმა მათ თავისუფლება მისცა საკუთარი წვლილი შეეტანათ მის განვითარებაში, რათა ამბავი ნამდვილად მათი გამოცდილების ანარეკლი ყოფილიყო. დეტალები მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ყველამ ბევრი ვისწავლეთ. როგორც ნებისმიერი ჯგუფი, ხალხი განსხვავებულია. ზოგიერთი ოჯახი ტრადიციული შეგხვდა, ზოგიერთი მეტ-ნაკლებად. ზოგიერთმა შეძლო ინგლისურის სწავლა, ზოგს გაუჭირდა – ორივე შემთხვევა ჩემთვის გასაგები იყო. ყველამ დიდი დრო დაუთმო პროექტს, ბევრმა მთლიანად მიუძღვნა თავი მას, და ნამცხვრები რომლებიც მათ გადასაღებ მოედანზე მოჰქონდათ – ლეგენდად იქცა.
[…] სცენარის შემდეგ კასტინგი ნებისმიერი ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. “ძველ მუხაში” გვინდოდა, რომ ყველა, სირიელების მიღმა, ადგილობრივი თემიდან ყოფილიყო. სირიელების ყოფნის მიმართ განსხვავებული რეაქციები იმ ხალხისგან მოდიოდა ვინც ერთი და იგივე ქუჩაძე ცხოვრობდა, გააჩნდა საერთო ისტორია და იცოდა, რომ სანამ ცუდი დრო დადგებოდა, იყო კარგი პერიოდი. ასეთ ვითარებაში ცხადი ხდება, რომ მსგავსი გამოცდილება შესაძლოა საპირისპიროდ ინტერპრეტირდეს, დრამის კონფლიქტები ერთი და იგივე წყაროდან იბადებიან.
ცხადი იყო რომ უნდა შეგვერჩია ადამიანები რომლებიც ამ სოფლის ბუნების ნაწილი იქნებოდნენ. არცერთ მსახიობს არ მოუწია საკუთარი სალაპარაკო აქცენტის შეცვლა. რომელიმე რეალურ პაბში რომ შესულიყვნენ, აქაურებად ჩაითვლებოდნენ. ეს შესაძლოა შეზღუდვად მოგეჩვენოთ, თუმცა, საპირიპისპირო შედეგი ჰქონდა. ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინეთ, დაწყებული უკვე შემდგარი მსახიობიდან, დამთავრებული შედარებით ახალბედებით და ისინი ვისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც ჩვენზე მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება.
[…] ამნა, რომელიც ფატიმას როლს თამაშობდა, როგორც ყველა სირიელი დედა, მადლიერებას გამოხატავდა სახლისთვის და იმ სიკეთისთვის რომელიც უცნობმა ადამიანებმა გამოიჩინეს. ომის, სისასტიკის, წამების და დანაკარგის ამბები გამანადგურებელი იყო და ჩვენ გვაოცებდა ის სულის სიმტკიცე, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს შეენარჩუნებინათ ადამიანობა.
ტექსტის თარგმანი ეყრდნობა საპროდუქციო კომპანია Goodfellas-ს მიერ გავრცელებულ მასალებს The Old Oak-ის შესახებ.
ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015



როგორც ჩანს ფილმი არტჰაუსისა და საავტორო კინოს ძველ ტრადიციას მიყვება, ინდივიდუალური დრამებისა და იარების გამომზეურებით ხაზს უსვამს იმას რომ საბოლოო ჯამში ყველანი ერთნაირები ვართ და საკმარისი ძალისხმევით შევძლებთ მეგობრულად თანაცხოვრებას, მაგრამ ეს გამადიდებელი შუშით ყურებას უფრო გავს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსები მხედველობის მიღმა რჩება. ამის შედეგია დღევანდელი “დასავლური” საზოგადოება შოკირებული რომ აღმოჩნდა იმის დანახვით თუ როგორი განსხვავებული მსოფლმხედველობა ქონია იმ უცხო ხალხს, რომელთაც კარი გაუღეს.
ამას გარდა გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ ინდივიდუალურ ტრავმებზე მხოლოდ იმ შედეგამდე მიიყვანა კაცობრიობა რომ თანამედროვე “დასავლელი” ახალგაზრდობა მუდმივი მსხვერპლის სინდრომით იტანჯება და მხოლოდ უსამართლობის მითითებებითა და სხვისკენ ხელის გაშვერით არიან დაკავებული, ნაცვლად იმისა რომ ზრდისა და განვითარების ახალი გზები მოიძიონ.
მთავარი კითხვა მაინც ესაა: ხომ არ ჩარჩა კინო წარსულში? ზედმეტმა დაწვილმანებამ დიდი სურათის დანახვის საშუალება ხომ არ დაგვიკარგა? უწევს კი კონკურენციას თანამედროვე რეალისტური კინო ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებს?
LikeLike