“ისმის თუ არა ტყეში წაქცეული ხის ხმა თუ ეს ხმა არავის გაუგონია?”
უცნობი ავტორი
“ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებს გულისხმობს,”
ლიუდვიგ ვინტგენშტაინი
ავტორი: დათო ლობჟანიძე
არა ერთ ინტერვიუში ვერნერ ჰერცოგი, რეჟისორი და მწერალი რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭრდება, ფიქციის და რეალობის ურთიერთდამოკიდებულაზე საუბრისას ანდრე ჟიდს შემდეგ ფრაზას მიაწერს: “ფაქტებს იმდენად ვცვლი რომ ისინი ჭეშმარიტებას იმაზე მეტად გვაგონებენ, ვიდრე რეალობა.” არ ვარ დარმწუნებული რომ ეს ფრაზა მართლა ჟიდს ეკუთვნის - – ამის მტკიცებულება ვერსად ვიპოვე. თუმცა, თუ ეს ფრაზა ჟიდს არ ეკუთვნის – აზრი ერთი ორად საინტერესო ხდება, რადგან ამ შემთხვევაში ჰერცოგი შესაძლოა შეგნებულად გვატყუებს, ცვლის ფაქტს და ამრიგად, შინაარსს ფორმითაც გამოხატავს.
ჟიუსტინ ტრიეს 2023 წლის ფილმი რეალობის და ფიქციის, ფანტაზიასა და ფაქტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ მსჯელობით იხსნება.
-“ფიქრობთ რომ წერა მხოლოდ გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება?” – ეკითხება სტუდენტი სანდრა ჰიულერის მწერალ პერსონაჟს, სანდრა ვოიტერს. ვოიტერი ამბობს რომ როდესაც ის როგორც ავტორი პერსონაჟს რეალურ ცხოვრებაში არსებული ადამიანის მიხედვით ქმნის, ის რეალურად ამ ადამიანს არ იცნობს.
ეს მონაკვეთი ფილმის ერთგვარი პროლოგია, რომელიც ნაწარმოების მოტივს ხსნის – ამის შემდეგ მაყურებელი ფიქციაში ეშვება. აქ ნაწარმოების ცენტრალური თემა მამაკაცის, სანდრა ვოიტერის მეუღლის, ასევე მწერლის, სიმაღლიდან ვარდნის და გარდაცვალების გამოძიება და სასამართლო პროცესია. როგორც ნებისმიერი ფიქცია, აქ ასახული რეალობას არ წარმოადგენს, თუმცა, ის რაც ამ ნამუშევარს ერთი ორად საინტერესოდ ხდის ისაა თუ როგორ ეთამაშება ფილმი ფორმას, როგორ იყენებს ის კინო ენას ენაზე, საკუთარი გამოცდილების ან აღქმის სხვასთან კომუნიკაციის არასრულყოფილებაზე სასაუბროდ – იქნება ეს ფიქცია თუ რეალური ცხოვრება.
ტრიეს და მისი თანაავტორის, არტურ ჰარარის მიერ სკრუპულოზურად დაწერილ სცენარში ვხედავთ უამრავ ფაქტს, რომელიც ჩვენ ან თუნდაც ფილმში აღწერილ სასამართლოს, მომხდარის დადგენაში უნდა ეხმარებოდეს, თუმცა, განგებ გამოტოვებული მოვლენების და სცენარისტების მიერ სიფრთხილით შერჩეული კონსტრუქტების ხარჯზე მომხდარის შესახებ არ ცოდნის მდგომარეობაში ფილმის ბოლომდე ვრჩებით. ადამიანებს სიმართლის დადგენის სურვილი გვამოძრავებს, მიუხედავად იმისა რომ გამორჩენილი მცირე დეტალიც კი შესაძლებელია გადამწყვეტი იყოს სრული, ხშირად ჩვენი წარმოდგენისგან რადიკალურად განსხვავებული სურათის დასადგენად.
“დაცემის ანატომია” იკვლევს თუ რა ხდება მაშინ როდესაც სრული სურათის დასანახად ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები არასაკმარისია, როგორ ვავსებთ სიცარიელეს წინასწარგანწყობებით, როგორ ქმნის რეალობას ყოველი ჩვენგანის სუბიექტური გამოცდილება და როგორ ვინტერპრეტირებთ ჩვენს ხელთ არსებულ მოცემულობას.
ამის თვალსაჩინო მაგალითად შესაძლოა ფილმის ერთ-ერთი საკვანძო სცენა გამოდგეს – აქ სასამართლო ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ბრალდებული სანდრა ვოიტერის და მისი მეუღლის კამათის დაახლოებით ათ წუთიან აუდიო ჩანაწერს უსმენს. საინტერესოა, რომ აქ ფილმის რეჟისორი იღებს გადაწყვეტილებას მაყურებლისთვის არა მხოლოდ აუდიო, არამედ ვიზუალური ელემენტიც აღადგინოს – ამრიგად ნაფიცი მსაჯულებისგან განსხვავებით, ჩვენ არა მხოლოდ ვუსმენთ, არამედ ვხედავთ მომხდარის დიდ წილს, თუმცა,არასრულად. ფილმის ავტორები წყვილს შორის არსებულ კონფლიქტს კულმინაციურ მონაკვეთში ვიდეო ელემენტს წყვეტენ და გვიტოვებენ მხოლოდ აუდიოს. ამრიგად, გადამწყვეტ მომენტში მსაჯულების მსგავსად ჩვენ მომხდარის აღდგენა მხოლოდ აუდიო ნარატივით შეგვიძლია.
რას წარმოვიდგენთ ჩვენ როგორც მაყურებელი აქ – როდესაც გვესმის ყვირილი, ხმაური და ჩხუბი, რას წარმოვიდგენთ როდესაც გვესმის მაგრამ ვერ ვხედავთ? რამდენად რადიკალურად განსხვავებული შეფასება შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა ადამიანებს ერთნაირი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში? მომხდარის შესახებ აღწერას ბრალდებულისგან ვისმენთ, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ფილმის ავტორები ამ ვერსიის გაჟღერებამდე რამდენიმე წუთიან პაუზას იღებენ. ასეთი გადაწყვეტილებით მაყურებელს ეძლევა დრო თავად გამოიტანოს თავისი, სუბიექტური დასკვნა და დაიჯეროს იმ ამბის რომლის დაჯერება თავად შესაძლოა სურდეს. აქ ერთის მხრივ ინფორმაცია ყველასთვის საერთოა, ერთნაირია მაგრამ ყოველი ჩვენგანის გამოცდილება და წინასწარგანწყობა განსხვავებული.
კინოში განცდილის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი აკირა კუროსავას 1950 წლის “რასიომონია”. აქ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ ვერსიას ერთი კონკრეტული მოვლენის შესახებ. ფილმშ ყოველი ადამიანი რომელიც მომხდარის შესახებ ჰყვება, უკიდურესად სუბიექტურ ამბავს გადმოსცემს. რასიომონის გავლენა თანამედროვეობაზე იმდენად დიდია რომ დღეს ეს ეფექტი აქტიურად ისწავლება არა ერთ აკადემიურ დისციპლინაში, იქნება ეს ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია თუ ისტორია. ვფიქრობ, დაცემის ანატომია რასიომონის მემკვიდრეობას აგრძელებს – ტრიეს ფილმი რასიომონში წამოწეული თემის გავრცობად შეგვიძლია დავინახოთ. ორივე ფილმის პერსონაჟები რეალობას სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ რასიომონში დამალული არაფერია, პერსონაჟებს სიმართლის დადგენაში საკუთარი აღქმები უშლით – დაცემის ანატომიის შემთხვევაში წინააღმდეგობა უფრო მეტია – სუბიექტური ხედვების მიღმა, აქ პერსონაჟებს სურათის დასანახად არა ერთი დეტალი აკლიათ – რაც ობიექტური სიმართლის დადგენას კიდევ უფრო რთულს ხდის – აუდიო ჩანაწერთან დაკავაშირებულ ეპიზოდში კი, მაყურებელი მნიშვნელოვანი ვიდეო ელემენტის გარეშე რჩება.
აი რას ამბობს ჟიუსტინ ტრიე ამ ეპიზოდზე და ზოგადად ფილმის ცენტრალური თემის კომენტირებისას ერთ-ერთ ინტერვიუში:
“გვსურდა ასეთი დამოკიდებულება გვქონოდა ხმასა და გამოსახულების ნაკლებობას შორის, ეს მოგვცემდა საშუალებას გვეჩვენებინა მაყურებლისთვის, რომ გამოსახულების ნაკლებობის შემთხვევაში, ირთვება ფანტაზია. რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას რომ როდესაც ჩვენ მხოლოდ სიმართლის ნაგლეჯი გვაქვს, ყველაფერი დანარჩენის შევსება დასკვნებით და ინტერპრეტაციით გვიწევს. სწორედ ესაა ის ხერხი რაც გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ ფილმის სათქმელი, ანუ ის რომ სიმართლე ძალიან რთული მოსახელთებელია.”
თავის ადვოკატთან აუდიო ჩანაწერზე საუბრისას სანდრა ჰიულერის პერსონაჟი სამართლიანად აღნიშნავს რომ ეს ეპიზოდი არ ასახავს რეალობას, მისი თქმით ის მხოლოდ რეალობის მცირე ნაწილია, თუმცა, მასზე აქცენტირებამ შესაძლოა კონკრეტული დასკვნის გამოტანისას ყველაფერი დანარჩენი დაჩრდილოს, რაზეც ადვოკატი ამბობს რომ მას “არ აინტერესებს თუ რა არის რეალობა” და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისაა თუ როგორ ხედავენ სანდრას სხვა ადამიანები.
ამ სცენაში შეგვიძლია ფილმის ერთ-ერთი ინსპირაციის, ოტო პრემინგერის 1959 წლის “მკვლელობის ანატომიის” გამოძახილი დავინახოთ. ამ ფილმის ერთ-ერთ სცენაში ჯეიმ სტიუარტის ადვოკატი პერსონაჟი თავის კლიენტს სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას, საკმაოდ უხეში ფორმებით ახსენებს. “სანამ სასამართლო არ დასრულდება მორჩილი, პატარა დიასახლისი იქნები, ჩარჩოიანი სათვალეებით, და არ გაეკარები კაცებს, ბარებს, ალკოჰოლს და პინბოლის აპარატებს,” ამბობს ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟი.
ორივე შემთხვევაში ადვოკატები ერთგვარ ფიქციას ქმნიან, იმიჯს, ხატს, ამბავს რომელიც მათ კლიენტებს საქმის მოგებაში გამოადგება. აქ ის რაც თეორიაში სამართლებრივი საკითხი უნდა იყოს სცდება იურიდიულ ჩარჩოებს და ფიქციის, სასურველი რეალობის შექმნის იდეას ემსახურება. ჟიუსტინ ტრიეს ფილმში გამოთქმულ მოსაზრებას რომ დავესესხოთ, ამ შემთხვევაში “ფიქციას რეალობის განადგურება შეუძლია”.
დაცემის ანატომიის ერთ-ერთ სცენაში ადვოკატი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სანდრა ჰიულერთან პირად საკითხებზე ვიდეო ინტერვიუს წერს, თუმცა, აქ ის არა უბრალოდ ინტერვიუერად გვევლინება, არამედ რეჟისორად რომელიც დირექტივებს აძლევს რესპონდენტს სასურველი საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად. აქ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იქმნება ფიქცია, მიუხედავად იმისა რომ ეს ინტერვიუ ფორმალურად დოკუმენტალისტიკის ჟანრს მიეკუთვნება. ფილმის რეჟისორის ამგვარი კომენტარი კითხვას ბადებს, შესაძლოა რიტორიკულს – რამდენად თავისუფალია დოკუმენტალისტიკა ფიქციისგან? ფილმის ეს მონაკვეთი მაგალითია თუ როგორ იქმნება სასარგებლო შედეგის მისაღწევად სიმულაცია.
ანალოგიურ შემთხვევას ვხედავთ მოგვიანებითაც, სასამართლო დარბაზში სადაც ადვოკატი გარდაცვლილი კაცის შესახებ გარკვეულ სახეხატს ქმნის და ამით ნაფიცი მსაჯულებით თუ საზოგადოებრივი აზრის საკუთარ მხარეზე გადმობირებას ისახავს მიზნად. მაყურებლისთვის ცხადია რომ ასეთი იმიჯი დაცვის მხარესთვის სასარგებლოა, თუმცა, ამის მიუხედავად ჰიულერის პერსონაჟი ადვოკატის მიერ დახატული პორტრეტის არარეალურობას უსვამს ხაზს.
კვლავ ოტო პრემინგერის მკვლელობის ანატომიას რომ დავუბრუნდეთ, აქ ნაფიცი მსაჯულების როლზე ჯეიმს სტიუარტის თანაშემწის, პარნელის მნიშვნელოვან მოლოგონს ვხვდებით – სადაც ის მსჯელობს თუ რამდენად რთულია განსვავებული ადამიანებისთვის, განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ინდივიდებისთვის ერთ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა. ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუბიექტური გამოცდილება არა თუ ნაფიცი მსაჯულების, არამედ მოსამართლის შემთხვევაშიც კი, ორივე ფილმში კარგად ჩანს. “მკვლელობის ანატომიაში” მოსამართლე ამბობს რომ სხვაობა პიროვნებებს შორის არ არის არსებითი და ინდივიდუალურობა განსხვავებულ ფიზიოლოგურ მოთხოვნებამდე დაჰყავს . თუ მკვლელობის ანატომია გინახავთ გეცოდინებათ რომ ეს ირონიული ეპიზოდია. რაც შეეხება “დაცემის ანატომიას” – აქ კომენტარი მოსამართლის როგორც პიროვნების მნიშვნელობაზე გაცილებით პირდაპირია – “კარგი ამბავია, ამ შუადღეზე მოსამართლე არა და სილვა, არამედ ბოლენი იქნება,” იქნება დაცვის მხარის ერთ-ერთ წარმომადგენელი მეორეს.
დაცემის ანატომიაში სუბიექტურობას და წინასწარგანწყობებს გამუდმებით ვხვდებით. ამის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციას ის ექსპერტები წარმოადგენენ, რომლებსაც დასკვნები იმისდა მიხედვით გამოაქვთ თუ რომელ მხარეს წარმოადგენენ. ეს ცხადია არ გულისხმობს იმას რომ ისინი განგებ იჭერენ გარკვეულ მხარეს, მათი პოზიცია უფრო მეტად გაუთვითცნობიერებელი მიუკერძოებლობისგან გამომდინარეობს. არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში ისინი ირჩევენ იმ რეალობას რომელიც სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო ყველაზე მეტად ემთხვევა იმ პასუხს რომელსაც მათგან ითხოვენ. საინტერესოა, რომ ორივე მხარის შემთხვევაში ჩვენ როგორც მაყურებელს თანაბრად დამაჯერებელი არგუმენტები გვესმის, რაც ცხადია ფილმის ავტორების მიზანს ემსახურება – არ გადაგვწონოს გარდაცვალების მიზეზის რომელიმე ვერსიისკენ. აქედან გამომდინარეობს ფილმის სათაურში გამოყენებული ნეიტრალური სიტყვაც – ვარდნა და არა მკვლელობა, თვითმკვლელობა და ა.შ.
ფილმის ერთ სცენაში რეჟისორი, ჟიუსტინ ტრიე ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟს, გარდაცვლილი და ბრალდებული შვილს, დანიელს პროკურორის და ადვოკატის პირისპირ ტოვებს, საინტერესოა ავტორის გადაწყვეტილება აქ კამერა ვიზუალურად დანიელზე დატოვოს, რომელიც პოზიციას არა ადვოკატის თუ პროკურორის გამოსახულების, არამედ ხმის მიხედვით იცვლის. ასეთი გადაწყვეტილება მაყურებელს ამბავზე მხედველობის პრობლემების მქონე პერსონაჟის პერსპექტივიდან დაკვირვებას სთავაზობს. სწორედ დანიელია ის პერსონაჟი, რომლის დახმარებითაც მაყურებელი ფილმში განვითარებულ მოვლენებს მიყვება და ეს არის ის პერსპექტივა საიდანაც აუდიტორია ამბავს აკვირდება, გვამის აღმოჩენიდან ფილმის დასკვნით ეპიზოდამდე.
დაცემის ანატომიის დასაწყისში დანიელი ამბობს რომ მას პასუხის გაცემა სჭირდება, ამ პასუხის პოვნა მას მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში უჭირს, ის არ ჩქარობს და ცდილობს ამბავს ყველა შესაძლო მხარიდან შეხედოს, ეს ერთგვარი ბრძოლაა სადაც რეალურად პასუხის პოვნა შეუძლებელია, მაგრამ კვლავდაკვლავ, ადამიანის დაუოკებელი სურვილიდან გამომდინარე ახნას ესა და თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ნებდება და არსებულ რეალობაში მისთვის ყველაზე მისაღებ დასკვნამდე მიდის – მამამისმა თავი მოიკლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვერსიის გაჟღერებისას ვიზუალურად ვხედავთ დანიელის მოგონებას, სადაც მამამისი შვილს გარკვეულ თემაზე ესაუბრება – ეს თემაა დანიელის აზრით ის წინაპირობა რომელიც მამამისის სუიციდს მოასწავებდა. თუმცა ხმად გამოსახულებას არა გარდაცვლილი სამუელის, არამედ შვილის, დანიელის ხმა მიყვება. ფილმის ავტორის მიერ შერჩეული ეს ხერხი მიგვანიშნებს რომ დანიელი საბოლოო ჯამში, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, საკუთარ თავს მისთვის სასურველ ამბავს უყვება – რეალობის ერთგვარ გამარტივებულ ვერსიას, ამიტომ თვითმკვლელობის ვერსია სხვა ვერსიების მსგავსად სპეკულაციაა, მომხდარის შესახებ შესაძლო ვარიენტებიდან ერთ-ერთი და არა უტყუარი ფაქტი.
კიდევ ერთი ინსტრუმენტი რომელიც ტრიეს და ჰარარის თემის გაშლაში ეხმარება ენაა, უფრო სწორედ არჩევანი ფილმის პერსონაჟებისთვის ინგლისური არ ყოფილიყო კომუნიკაციის საშუალება და ამის მიუხედავად ინგლისური არის ის ენა რომელიც მეტწილად ფილმში გვესმის. ეს ის დამატებითი ბარიერია რომელიც პერსონაჟებს რეალობის ინტერპრეტაციაში ხელს უშლის.
ის რომ ენას არ შეუძლია რეალობის გადმოცემა არა ერთი მეცნიერის, მწერლის თუ მხატვრის შემოქმედებაშია ასახული. მაგალითისათვის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა და ფილოსოფოსმა ალფრედ კორზიბსკიმ განავითარა თეორია რომლის მიხედვითაც ადამიანის ნერვულს სისტემას არ აქვს პირდაპირი წვდომა რეალობასთან და ამიტომ მისი ტვინი გარემოს საკუთარი გამოცდილების მიხედვით ახარისხებს. კორჟიბსკისვე ეკუთვნის ფრაზა – რუკა არ არის ტერიტორია, რაც ობიექტის და ობიექტის რეპრეზენტაციას შორის ურთიერთობაზე მიანიშნებს. ამ თეორიის ერთგვარ ილუსტრაციად რენე მაგრიტის ნამუშევარი “გამოსახულებების ღალატი” გამოდგება სადაც ჩიბუხს როგორც გამოსახულებას არაფერი აქვს საერთო რეალურ ჩიბუხთან მისი რეპრეზენტირების მიღმა.
დაცემის ანატომიაში ჩვენ გამუდმებით ვხვდებით რეპრეზენტაციის ინსტრუმენტებს, იქნება ეს კამერები, ხმის ჩამწერი, საკრავები, ნახატები და ა.შ. თუმცა, რისი გადმოცემა შეიძლება ენით, კამერით, დიქტოფონით, მონტაჟით? რისი გადმოცემა შეუძლია წიგნს, ფილმს, 50 ცენტის სიმღერას? იქნება ეს ლირიური ვერსია თუ ინსტრუმენტული… რისი გადმოცემა შეუძლია თუნდაც ესეს? ეს ესეც ხომ ფილმის ინტერპრეტაციაა, მისი ერთ-ერთ თემაზე აქცენტირების მცდელობა და ასეთ შემთხვევაში, იქნებ ყველაფერი რაც აქ ითქვა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ფილმის რეალურ სათქმელთან? ბოლოს და ბოლოს თუ ორსონ უელსს დავუჯერებთ, “ამბავი გნებავთ ცეცხლთან მოჰყევით, გნებავთ ბაზრობაზე ან ფილმის მეშვეობით, პრაქტიკულად ყველა ამბავი დიდი ალბათობით თავისებური ტყუილია”.



