ბერლინალეს რიგით 74-ე ფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურის კატეგორიაში მთავარი ჯილდო პალესტინელ ბაზელ ადრას და ისრაელელ იუვალ აბრაჰამს ერგოთ ფილმისთვის – “სხვა მიწა არ არსებობს”. 24 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიალზე ჯილდოს მიღებისას თანაავტორებმა სიტყვა წარმოთქვეს, რომელიც ღაზაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა. გიზიარებთ გამოსვლის ქართულ თარგმანს.
ბაზელ ადრა: საღამო მშვიდობისა, ყველას. გვიხარია და მადლობლები ვართ აქ ყოფნისთვის. ეს ჩვენი პირველი ფილმია იმის ფონზე რომ ბევრი წელია ჩემი თემი და ოჯახი აღბეჭდავს ეკრანზე თუ როგორ ანადგურებს ჩვენს თემს ეს სასტიკი ოკუპაცია. აქ ამ ჯილდოს ვზეიმობ, თუმცა, ამავდროულად ჩემთვის ძალიან რთულია ზეიმი მაშინ როდესაც ათი ათასობით ჩემს თანამემამულეს ისრაელი კლავს და ხოცავს ღაზაში. ჩემი თემი ასევე ნადგურდება ისრაელური ბულდოზერების მიერ. რადგან ბერლინში ვართ, გერმანიას ერთ რამეს ვთხოვ, პატივი მიაგოს გაეროს მოწოდებებს და აღარ გააგზავნოს იარაღი ისრაელში.
იუვალ აბრაჰამი: თქვენს წინაშე ვდგავართ, ბაზელი და მე ერთი ასაკის ვართ. მე ისრაელელი ვარ, ბაზელი პალესტინელი. ორ დღეში ჩვენ დავბრუნდებით მიწაზე სადაც ჩვენი თანაბარუფლებიანები არ ვართ. მე სამოქალაქო სამართლის პირობებში ვცხოვრობ, ბაზელი სამხედრო. ერთმანეთისგან 30 წუთს დაშორებით ვცხოვრობთ, მაგრამ მე ხმის მიცემის უფლება მაქვს, ბაზელს არა. მე მაქვს თავისუფლება ვიმოძრაო ამ მიწის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ბაზელი, მილიონი პალესტინელის მსგავსად, ჩაკეტილია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ეს აპართეიდის მდგომარეობა რომელიც ჩვენს შორის არსებობს, უნდა დამთავრდეს. თუ ჩვენ ვსვამთ კითხვას თუ როგორ შეიძლება რაღაცები შევცვალოთ, როგორ შეიძლება დავასრულოთ ოკუპაცია, როგორ მივუახლოვდეთ პოლიტიკურ გადაწყვეტას… რეალურად არ გვაქვს პასუხი, მაგრამ ერთ-ერთი პასუხი არის ადამიანებმა ხმა ამოიღონ. ამ ოთახში ბევრი გავლენიანი ადამიანია, ბევრი მინისტრია და ხალხი ვისაც უსმენენ… უნდა მოვითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა. უნდა მოვითხოვოთ ოკუპაციის პოლიტიკური გადაწყვეტა.
სიტყვის წარმოთქმიდან რამდენიმე დღეში იუვალ აბრაჰამმა განაცხადა რომ მას ფიზიკურად განადგურების მუქარებს უგზავნიან, რის გამოც ისრაელში უკან გასამგზავრებელი ბილეთი დააბრუნა. ამავდროულად, დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ არა ერთმა გერმანელმა მაღალი თანამდებობის პირმა ცერემონიაზე პალესტინის მხარდამჭერი გამომსვლელები ანტი-სემიტიზმში დაადანაშაულა.
