ავტორი: დათო ლობჟანიძე
დღეს გიორგი გაგო გაგოშიძის Graft Versus Host (ტრანსპლანტი მასპინძლის წინააღმდეგ) მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ფარგლებში შედგება. ეს იმას გულისხმობს, რომ გაგოს ნამუშევარი ფესტივალის ოფიციალური ჯილდოებისთვის იბრძოლებს.
ფილმში გაგო საკუთარ მძიმე სამედიცინო დიაგნოზსა და მდგომარეობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განვითარებულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან აკავშირებს. არა მხოლოდ პოსტ-საბჭოურ სივრცეში, არამედ გლობალურად.
ნამუშევარი წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში პირველ ფილმს, რომელიც მონაწილეობას იღებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.
აქამდე სრულმეტრაჟიანი ფილმების ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ორ ქართულ ფილმს აქვს მიღებული – თემურ ბაბლუანის “უძინართა მზეს” და სანდრო კობერიძის “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ”. ბერლინალეზე წლების განმავლობაში სხვა ქართულ ფილმებსაც მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა ისინი სხვადასხვა სექციაში იყო წარმოდგენილი.
ფილმი მოკლემეტრაჟიან კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა მისი 31 წუთიანი ქრონომეტრაჟი ბერლინალეს მკაცრი რეგლამენტით განსაზღვრულ 30 წუთიან ლიმიტს აღემატება. მიუხედავად ამისა, ფესტივალის გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით ნამუშევარი პროგრამაში მაინც დაუშვეს.
ფილმის ღირსებებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება განსაკუთრებით მის ფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, კინოესეისტიკის საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა, ხოლო, მეორე მხრივ, მკაფიოდ ავლენს გაგოსთვის დამახასიათებელ ხელწერას, რაც ჯერ კიდევ მის ადრეულ ნამუშევარშიც იკითხება, მაგალითად “მამაჩემის უხილავ ხელში“. ან თხრობის სტრუქტურაზე, რომელიც ერთი შეხედვით შეუთავსებელი სფეროების – მედიცინის, ეკონომიკისა და კინოს გადაკვეთით და გაერთიანებით იქმნება.
თუმცა, ფილმის ამბიცია ფორმალურ ძიებებს სცდება. ის მხოლოდ თანამედროვე, ექსპერიმენტული, ან უკვე ნაკლებად ექსპერიმენტულად ქცეულ ნარატიულ სტრუქტურებთან თამაშით არ შემოიფარგლება. ცენტრალურ ადგილს თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის მცდელობა იკავებს.
ამგვარი ნამუშევრების არსებობა ზოგადადაც მნიშვნელოვანია, თუმცა ქართული კონტექსტისთვის ის განსაკუთრებით აუცილებელია, გარემოში, სადაც მსგავსი თემებითა და საავტორო ხედვით გამორჩეული ფილმები, სამწუხაროდ, იშვიათია.
