ავტორი: დათო ლობჟანიძე
სანამ ამ პოსტზე მუშაობას დავიწყებდი, ჯეიმს ბალარდის “შეჯახება” – ზე სხვადასხვა მასალის და რეცენზიის მოძიება გადავყწვიტე. ყველაზე საინტერესოდ 1973 წლის 23 სექტემბერს დათარიღებული ნიუ-იორკ ტაიმსის მოკლე წერილი მომეჩვენა. არა იმიტომ რომ გამორჩეულად საინტერესოდ იყო დაწერილი, ან განსხვავებული მიგნებებით გამოირჩეოდა, არა, სტატია საინტერესო მისი ნეგატიურობის გამო იყო.
წერილის ავტორმა ბალარდის ნაწარმოებში პორნოგრაფიული სიუჟეტების გარეთ ვერაფერი დაინახა. საინტერესოა რას ფიქრობს ნაწარმოებზე ამავე სტატიის ავტორი 45 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ბალარდის სახელი მე-20 საუკუნის აღიარებულ მწერლებს შორისაა. მართალია წერილის დაწერის მომენტში მწერალს რამდენიმე კრიტიკულად აღიარებული ნაწარმოები ზურგს უკვე უმაგრებდა და მათ შორის კრიტიკოსი The Atrocity Exhibition (“მხეცური გამოფენა”) – ს გამოყოფს, ბალარდი ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ავტორი იყო, რომელსაც სურვილის შემთხვევაში გამოცდილი კრიტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში უპრობლემოდ გაატარებდა. დღეს კი, სწორედ რომ ბალარდის სახელის გამო, ამ ავტორის მცოდნე მკითხველი მისი რომელიმე ნაწარმოების გაცნობისას გარკვეულ ვალდებულებას გრძნობს, ყურადღების ვალდებულებას, დაინახოს ნაწარმოებში ის რაც ერთი შეხედვით შეიძლება რთული შესამჩნევი იყოს. ასეთი რამ მეც ვიგრძენი და აი რა დასკვნებისკენ მიმიყვანა ამ ვალდებულების გრძნობამ.
პირველ რიგში, არის თუ არა „შეჯახებაში“ პორნოგრაგიული სიუჟეტი? ცალსახად კი. არის თუ არა შეჯახება რიგ მომენტებში წასაკითხად არაკომფორტული წიგნი? ცალსახად კი. არის თუ არა შეჯახება ნაწარმოები, რომელიც მკითხველს პორნოგრაფიის და დისკომფორტის გარდა არაფერს სთავაზობს? ცალსახად არა. ბალარდის ნაწარმოები სექსზე, უფრო სწორედ ავტომობილებში სექსზე დამოკიდებულ ადამიანებზე მოგვითხრობს, თან არა უბრალოდ ავტო ეროტიკით დაინტერესებულ ადამიანებზე, არამედ იმათ შესახებ, რომლებმაც აუცილებლად უნდა განიცადონ ავტოავარიაში მოხვედრის შიში საკუთარი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად.
ნაწარმოებს ქართველი მკითხველი შესაძლოა დევივ კრონენბერგის ამავე სახელწოდების მქონე გახმაურებული ეკრანიზაციის დამსახურებით იცნობდეს, რომელიც 90-იანი და 2000-იანი წლების ქართულ ტელე სივრცეში საკმაოდ ხშირად ნახავდით . თუმცა, წიგნის კითხვისას არ მტოვებდა იმის შეგრძნება, თუ რა გავლენა მოახდინა ბალარდის ნაწარმოებმა თანამედროვე პოპულარული კულტურის სხვა ნაწარმოებებზე და ამ მხრივ ყველაზე ხშირად ჩაკ პალანიუკის “მებრძოლთა კლუბი” და ამავე სახელწოდების დევიდ ფინჩერის ეკრანიზაცია მახსენდებოდა.
ვფიქრობ ბალარდის ნაწარმოების და მებრძოლთა კლუბის საკმაოდ განსხვავებული შინაარსის მიუხედავად ამ ორს ბევრი საერთო აქვთ, რაც თანამედროვე კონსიუმერიზმის კრიტიკაში გამოიხატება. და თუ პალანიუკთან და ფინჩერთან ამ თემის გაშლა თანამედროვეობაზე გაბრაზებული ინდივიდების მხრიდან იატაქვეშეთში ვითარდება და საბრძოლო კლუბის შექმნაში გამოიხატება, შეჯახების პერსონაჟების შემთხვევაში საქმე კონსიუმერისტულ ორგიასთან გვაქვს, სადაც პერსონაჟები სექსით პრაქტიკულად საკუთარ მანქანებთან კავდებიან. მანქანებთან, რომლებშიც თანამედროვე სამომხმარებლო კულტურის სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ.
მიუხედავად ეროტიული მოტივებისა, შეჯახებაში ეს ცივი მოვლენაა, მოკლებული ყოველგვარ სითბოს, ისევე როგორც მომხმარებლური სამყარო, რომელიც ადამიანს მუდმივად დაუკმაყოფილებლობისკენ და ახალი შეგრძენებისკენ უბიძგებს. საინტერესოა მთავარი პერსონაჟის, ჯეიმს ბალარდის (დიახ, მთავარი გმირის და წიგნის ავტორის სახელები ერთმანეთს ემთხვევა) ვონისადმი აღფრთოვანება, ვონი ავტოავარიებით გატაცებული ადამიანია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე კამერას დაატარებს და მისთვის საინტერესო მომენტებს იწერს.
გარდა იმისა, რომ აქ ისევდაისევ მებრძოლთა კლუბთან მსგავსების დანახვა შეიძლება (ბალარდის აღფროთვანება ვონით, მებრძოლთა კლუბში ნარატორის მხრიდან ტაილერ დარდენისადმი უკეთესი “მე” – ს სიყვარულში გამოიხატება), ასევე შედარებით ახალი ფილმის Nightcrawler (“სტრინგერი”) – ის გახსენებისკენ გვიბიძგებს. შეგახსენებთ, რომ Nightcrawler – ის პერსონაჟი ავტოავარიების გადაღებით და ამ მასალის მედიისთვის მიწოდებით ფულს აკეთებს. ეს სრულად აპათიური პიროვნებაა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი რეიტინგისთვის და ძალადობის გასაყიდად ორიენტირებული მედიის სურვილების დასაკმაყოფილებლად.
ნაწარმოებში ვონი სიკვდილს ელიზაბეთ ტეილორთან შეჯახებისას ოცნებობს. აქ ნათელია პოპულარული კულტურის ხატების მიმართ არაჯანსაღი ობსესიის კრიტიკა, პოპულარული ხატების, რომლებიც ისევდაისევ სამომხმარებლო კულტურის ავატარებს წარმოადგენენ. ცნობილი ავარიების რომანტიზირებაც შეგვიძლია გავიხსენოთ, ჯეიმს დინი, ჯექსონ პოლოკი, ალბერ კამიუ, პრინცესა დიანა… ჰკითხეთ თქვენს ნაცნობებს რა იციან ხსენებული ადამიანების შესახებ და დარწმუნებული ვარ, ავარიის ფაქტები მათი ბიოგრაფიებიდან ყველაზე ცნობილ ფაქტებს შორის იქნება…
ამრიგად, შეჯახება ერთი შეხედვით ზედაპირულობის შთაბეჭდილებას მისი სიუჟეტის გამო შეიძლება მართლაც ტოვებდეს, თუმცა ეს ის წიგნია, რომელმაც თანამედროვე ნაწარმოებების თემებს საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ჩაუყარა და ამრიგად, თანამედროვე დასავლურ ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.