თარგმანი: მარი სანფონი
კარლ უვე კნაუსგორი ცნობილი ნორვეგიელი მწერალია. მან აღიარება მოიპოვა წიგნების სერიით “ჩემი ბრძოლა,’’ რომლის ბოლო, მე-6 ნაწილიც, ახლახან გამოიცა.
გარდიანისთვის 2018 წლის თებერვალში მიცემულ ინტერვიუში მწერალი თანამედროვე ლიტერატურაზე, საყვარელ წიგნებზე, მისი წერის სტილსა და ამ სტილის ტრანსფორმაციის მცდელობაზე საუბრობს, დაუძლეველ ცხოვრებისეულ დილემებზე, თემებზე, რომლებსაც კნაუსგორი საკუთარ წიგნებში გამუდმებით უტრიალებს.
ავტორი, რომელმაც აღიარება საკუთარი თვითრეფლექსიის წყალობით მოიპოვა, განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა, წიგნების ახალი სერიით შინაგან შფოთს განდგომოდა და გარესამყაროზე კონცენტრირებულიყო.

ნორვეგიელი კარლ უვე კნაუსგორი ავტორია საყოველთაოდ აღიარებული ავტობიოგრაფიული რომანისა „ჩემი ბრძოლა’’ (მე-6 ფინალური ნაწილი ინგლისურად გამოქვეყნდება სექტემბერში) [18 სექტემბერს გამოქვეყნდა], რომელსაც პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ – საც კი ადარებენ. მისი ავტორობით გამოიცა ასევე „სეზონთა ოთხეული.’’ წიგნის პირველი ორი ნაწილი, „შემოდგომა“ და „ზამთარი,’’ მატერიალური სამყაროს ენციკლოპედიებს წარმოადგენენ, რომლებიც მის ჯერ კიდევ არდაბადებულ ქალიშვილს ეძღვნება. მესამე, „გაზაფხული,“ რომელიც ამ კვირაში გამოდის [2018 წლის თებერვალში], გოგონას ცხოვრების ადრეული პერიოდიდან აპრილის ერთ დღეს აღწერს…
ბოლოს, სამი წლის წინ რომ ვისაუბრეთ, მითხარით, რომ მობეზრებული გქონდათ თქვენი წერის მანერა. არის „სეზონთა ოთხეული“ ამ მანერიდან გაქცევის მცდელობა?
– მსურდა, შემექმნა „ჩემი ბრძოლისგან’’ განსხვავებული რამ – უფრო მეტად ობიექტური და ნაკლებად ინტროსპექტული. მინდოდა, ეს წიგნები ყოფილიყო გარესამყაროს შესახებ. აქ ფსიქოლოგია ან შინაგანი შფოთი ნაკლებადაა. მინდოდა, ისინი [წიგნები] უფრო დადებითი ყოფილიყვნენ, შორს დამეყენებინა ყველაფერ იმისგან, რასთანაც ჩემთვის „ჩემი ბრძოლა’’ ასოცირდება.
– მასში გასაოცარ აღწერებსა და მშვენიერ პასაჟებს შეხვდებით, თუმცა, ამბობთ, რომ ლამაზი წინადადებების წერა არ გაინტერესებთ. რას გულისხმობთ ამაში?
მინდა, ემოციებს მივწვდე, შევქმნა ყოფა წიგნში, რასთან კავშირსაც მკითხველი თავად აღმოაჩენს. ამ მიზნისთვის კი, წინადადების სილამაზე შეიძლება შემაწუხებელიც კი იყოს. მე ლამაზი წინადადებების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ის არ არის, რის მიღწევასაც ვცდილობ.
„გაზაფხულში’’ აღწერდით ყოფილი მეუღლის, ლინდას, დეპრესიისგან გამოწვეულ რთულ პერიოდს თქვენს ქორწინებაში და გაგულისებას, რომ ის უკვე საკუთარ თავზე პასუხისმგებელი აღარ იყო. ბევრ მწერალს დააფრთხობდა, ამის გამო არ აღქმულიყო უგრძნობ ადამიანად. ხომ არ გადარდებდათ ეს?
– მსურდა, აღმეწერა, თუ რა გავლენას ახდენს ისეთი რამ, როგორიცაა ღრმა დეპრესია, გარშემომყოფებზე, ფიქრის პროცესზე, ემოციებსა და საერთოდ ყველაფერზე. უნდა აცნობიერებდე, რომ ის, რაც ამ დროს თავში მოგდის, არ არის სწორი, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც მსგავს სიტუაციასთან გამკლავებას ცდილობ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი თემების მიმართ გახსნილები ვიყოთ და არ გვრცხვენოდეს. მან, ცხადია, ეს წაიკითხა და თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მას იქამდე ბიპოლარულად ყოფნის შესახებ შესანიშნავი დოკუმენტური რადიო გადაცემა ჰქონდა ჩაწერილი.
-თქვენი გმირები ნამდვილი ადამიანები არიან. როგორ იცავთ ზღვარს, როდესაც მკითხველს თქვენს სამყაროში ახედებთ?
– ვთვლი, რომ მკითხველებმა პატივი უნდა სცენ ჩემს პირად სივრცეს, მაგრამ სულაც არ ვბრაზდები, როდესაც პირად კითხვებს მისვამენ, რადგანაც მესმის, რატომ ხდება ეს. ჩემთვის ეს რომანებივითაა, ცხოვრება კი ბევრად რთულია. ბევრად მეტი მომხდარა, ვიდრე მე დამიწერია წიგნებში. თუმცა მე ვააშკარავებ რაღაც პირადულს და შედეგები უნდა მივიღო.
– ფილიპ როთი ციტირებდა ხოლმე ჩესლავ მილოშს: “როდესაც მწერალი იბადება ოჯახში, ეს ოჯახი დამთავრებულია.’’ ფიქრობთ, რომ ეს სიმართლეა?
– დიახ, ვეთანხმები. ეს მწერლობის ყველა კატეგორიას ესადაგება, არამხოლოდ ავტობიოგრაფიულს. ოჯახში მწერლის ყოლა წყევლაა ამ ოჯახისთვის. წერისას მეტ-ნაკლებად დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე თავს. ეს ძირითადად ჩემს შვილებს ეხება და მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავიცვა ისინი, რაც ახლა უფრო მძაფრია, რადგანაც ახლა უფრო დიდები არიან, ვიდრე “ჩემს ბრძოლაში.’’ მათი ექსპლოატაცია ყველაზე ნაკლებად მინდა. თუმცა ეს წიგნი საჩუქარიცაა ჩემი ქალიშვილისთვის, შეიძლება მან ეს 40 წლის ასაკში დააფასოს. მე პირადად არ მესმოდა საკუთარი მშობლების, სანამ 40 წლის არ შევსრულდი.
თქვენს ნაწერებში გამუდმებით უტრიალებთ კარგ პიროვნებად ყოფნის თემას. თქვენს ცხოვრებაზე წერის პროცესში ეს საკითხი უფრო მძაფრი და ჩახლართული ხდება?
– ეს მნიშვნელოვანი კითხვა იყო ჩემთვის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე კარგი ვარ. შოკისმომგვრელია სხვა ადამიანების ვერსიების აღმოჩენა იმის შესახებ, რომ დაუნდობელი, უგუნური ან არაემპათიური ვარ. თუმცა, ვცდილობ, ვიყო კარგი იმდენად, რამდენადაც შემიძლია. ეს არ არის ხუმრობა, ეს სიმართლეა. წერა არის ყველაფრისგან გაქცევის საშუალება, ადგილი, სადაც მე თავისუფალი ვარ. მწერლობაში უნდა იყოს რაღაც დაუნდობელი და დესტრუქციული. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა, მცოდნოდა, იყო თუ არა შესაძლებელი ერთდროულად კარგი ადამიანი და მწერალი ყოფილიყავი. ახლა კი მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა იყო კარგი მწერალი და კარგი მამა? ამ მომენტისთვის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიყო კარგი მამა.
– თქვენ წერთ, რომ საკუთარი თავის მოტყუება ყველაზე ადამიანური მახასიათებელი, თვითგადარჩენის მექანიზმია. თქვენთვის წერა თავის მოტყუების წინააღმდეგ ბრძოლის ცდაა, თუ ამაში გავარჯიშების კიდევ ერთი საშუალებაა?
– ჩემი გამოცდილებით, როდესაც წერ, სიმართლისკენ მიილტვი და არ გინდა, რამე საბოდიშო გქონდეს. მაგრამ მწერლობაში არის რაღაც, მისთვის დამახასიათებელი კომპლექსურობა, რაც ამ მიზნის წინააღმდეგ მუშაობს. ასე რომ, ორივე ერთდროულად მოქმედებს. ცოტა ხნის წინ ჩემ შესახებ დაწერეს და მე ეს ვერ მივიღე. ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, შესაძლებელია, მზის შუქი მალე იხილოს. ამ ვერსიას ვერ მივიღებდი, მაგრამ იმ ადამიანისთვის ეს სიმართლეა. ძალიან რთული იყო იმის გაანალიზება, რომ ჩემი აღქმა შესაძლებელი იყო ასეთი კუთხიდანაც. ამ ნაწერის კითხვით საკუთარი თავის შესახებ გაცილებით მეტის გაგება შევძელი, ვიდრე საკუთარი შინაგანი სამყაროს შესახებ წერის პროცესში. ძალიან არაკომფორტული იყო.
– სად ცხოვრობთ ახლა?
– დროის ნახევარს ლონდონში ვატარებ, ნახევარს – შვედეთში. როდესაც ბავშვები ჩემთან არიან, იმ კვირას შვედეთში ვარ, როდესაც არა – ლონდონში, ჩემი ცხოვრების სიყვარულთან ერთად. ეს არის იდეალური სინთეზი.
– რომელი იყო ჭეშმარიტად დიდი წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხეთ?
– ახლა პირველად ვკითხულობ „უთვისებო კაცს’’ [რობერტ მუზილი]. დაახლოებით 20-ჯერ მაინც მაქვს დაწყებული. ჯერჯერობით ბევრი არ წამიკითხავს, მაგრამ შედევრია. თითოეული წინადადების კითხვა სიამოვნებას მანიჭებს. ამის გამეორება შეუძლებელია.
– რომელი თანამედროვე რომანისტი ან არარომანისტი მწერლები იწვევენ თქვენში აღფრთოვანებას?
– არაბელეტრისტულ ლიტერატურაში სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა. მე დიდი ხნის წინ წავიკითხე ჩერნობილის წიგნი და აბსოლუტურად ფანტასტიკურია. ორლანდო ფაიჯესი, მისი წიგნი “ადამიანთა ტრაგედია’’ რუსული რევოლუციის შესახებ ნამდვილად დაუფასებელი ისტორიული რომანი გახლდათ. ძალიან მომწონს პიტერ ჰანდკე. უნდა ვახსენო სალმან რუშდი. გავიზარდე ამ მინიმალისტურ, იშვიათ პროზაზე, შემდეგ ის თავს დაგვატყდა ენობრივი აფეთქებით და ეს 20 წლის ასაკში ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მიყვარს “ეშმაკეული აიები.’’ ასევე იან მაკივანი, ჯერ კიდევ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მას. როდესაც “ბავშვი დროში’’ წავიკითხე, გონებაში გამონათებასავით იყო. ბოლო პერიოდის მწერლებიდან მეგი ნელსონს გამოვარჩევდი, მისი “არგონავტები’’ ძალიან მომწონს. საკმაოდ შთამბეჭდავია.
– რომელ წიგნს ურჩევდით ახალგაზრდა ადამიანს?
– ვურჩევდი ურსულა ლე გუინის ზღვამიწეთის წიგნებს, განსაკუთრებით პირველს. დედაჩემმა წამაკითხა, 10 ან 11 წლის ვიქნებოდი. გადამწყვეტი მომენტი იყო ეს წიგნი, კიდევ ბევრჯერ წავიკითხე.
– თქვენი აზრით, რომელი წიგნებია ყველაზე გადაჭარბებულად დაფასებული?
– მე ვთვლი, რომ თანამედროვე ლიტერატურა ზედმეტად დაფასებულია, თუმცა სახელებს ვერ ვიტყვი, რადგანაც მეც ამ ინდუსტრიის ნაწილი ვარ. ვფიქრობ, ალბათ, ერთი ან ორი დიდებული წიგნი თუ იწერება ყოველ 10 წელიწადში. რეცენზიებს არასდროს ვენდობი.
– რის წაკითხვას გეგმავთ მომავალში?
– მიხაილ ალექსანდროვიჩ შოლოხოვის „წყნარი დონის” და კიდევ ძალიან მაინტერესებს დევიდ გროსმანის „ცხენი მისეირნობს ბარში.’’ ასევე ემანუელ კარერეს „სამეფო.’’ 40 გვერდი უკვე წავიკითხე. ვფიქრობ, არაჩვეულებრივია.