როდესაც თანამედროვეობის ორი დიდი მწერალი მიმოწერას იწყებს და შემდგომში ამ წერილების გამოქვეყნებაზე თანხმდება, მკითხველს საინტერესო წიგნი უვარდება ხელში. ასეთია პოლ ოსტერის და ჯონ კუტზეს კორესპოდენციის კრებული – “აქ და ახლა” (Here and Now). კუტზემ და ოსტერმა მიმოწერა 2008 წელს, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ცოტა ხანში დაიწყეს. ამ მიმოწერამ სამ წელს გასტანა და შედეგად მივიღეთ წიგნი, სადაც ორი ავტორი მეგობრობაზე, სიყვარულზე, სპორტზე, ეკონომიკაზე და რაც მთავარია ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე საუბრობს. სასიამოვნო და მარტივი წასაკითხი კრებულია, რომელიც ორი ავტორის აზრებს გვაცნობს და ამავდროულად მკითხველს სთავაზობს დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ფიქრობს თავად ის ამა თუ იმ თემაზე.
2001 წელს, ნილ გეიმანის „ამერიკელი ღმერთები“ გამოიცა, ფენტეზი რომელიც გარკვეულწილად თანამედროვეობის სატირად შეგვიძლია აღვიქვათ. გეიმანის ნაწარმოებში, რომელშიც მოვლენები თანამედროვე ამერიკაში ვითარდება, ადამიანებს ძველი ღმერთები (სკანდინავიური, ეგვიპტური, სლავური და სხვა ხალხების მითებიდან) დავიწყებული ჰყავთ. მათ ახლები ცვლიან, მაგალითად მასმედიის სახით. ძველ ღვთაებებს გადასარჩენათ ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი – გამოუცხადონ ომი ახლებს…
ედვინ აბოტის წიგნი “ბრტყელი ქვეყანა” (Flatland: A Romance of Many Dimensions): მრავალი განზომილების რომანი” უცნაური წიგნია. უცნაურია არამხოლოდ იმიტომ, რომ მისი მთავარი პერსონაჟები პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ გეომეტრიულ ფორმებს წარმოადგენენ და სხვადასხვა განზომილებებში ხვდებიან, არამედ იმიტომ რომ ნაწარმოები მე-19 საუკუნეში დაიწერა. აბსოლუტურად ორიგინალური წიგნი ავტორმა იმდროინდელი ბრიტანეთის სოციალური ცხოვრების სატირად ჩაიფიქრა და ჩანაფიქრი “მათემატიკურად” გადმოსცა. ნაწარმოები ასევე გვახსენებს, თუ რა ხშირად ვუყურებთ მოვლენებს საკუთარი პრიზმიდან და გვავიწყდება, რომ ამა თუ იმ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან და განზომილებიდანაც შევხედოთ.
მხატვრულ სამყაროში ალტერნატიული რეალობები ყოველთვის სახალისოა ხოლმე, მითუმეტეს თუ ავტორად ფილიპ დიკი გვევლინება. წიგნში “კაცი მაღალ კოშკში” (The Man in the High Castle) მეორე მსოფლიო ომს არა მოკავშირეები, არამედ გერმანელები, იტალიელები და იაპონელები იგებენ. სიუჟეტი 1962 წელს ვითარდება, ამ დროისათვის გამარჯვებულ ქვეყნებს მსოფლიო დანაწილებული აქვთ, თუმცა ორი ყველაზე მძლავრი ქვეყანა – იაპონია და გერმანია ცივი ომის ფაზაში იმყოფება. რომანი რამდენიმე პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრობენ. თუმცა, ამ ჟანრის ბევრი სხვა ნაწარმოებისგან განსხვავებით სადაც ტოტალიტარული გავლენის შედეგად ადამიანები სრულად ინდოქტრინებულები არიან, აქ პერსონაჟებს მეტწილად საკუთარი აზრი გააჩნიათ, რომლებიც ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, მაგრამ ხაზებს შორის აზრის ამოკითხვის უნარი ნამდვილად გააჩნიათ…
თუ ინგლისურად კითხვის ფუფუნება გაქვთ, არ გამოტოვოთ ჩარლი ბრუკერის “შემიძლია შეგაძულო” (I Can Make You Hate). ჩარლი ბრუკერი ბრიტანელი პუბლიცისტი, ტელეწამყვანი და პროდუსერია, საქართველოში მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტი ალბათ “შავი სარკეა” (Black Mirror). ეს კონკრეტული წიგნი კი ბრუკერის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში გაზეთ Guardian-ისთვის დაწერილი პუბლიცისტური წერილების კრებულს წარმოადგენს. ამ კრებულში ჩარლი ბრუკერისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ის ყველას წვდება, X-factor-ის მონაწილეებით დაწყებული, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კამერონით დამთავრებული, ავტორი ყველას ერთგვარ სატირულ რენტგენში ატარებს.