რეცენზია შეიცავს სპოილერებს

ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი

სისხლი, ძალადობა და საინტერესო, დაძაბული დიალოგები კ[ქ]ვენტინ ტარანტინოს ფილმების საერთო დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია. რთული სათქმელია რომელ ადგილს იკავებს „საძულველი რვა“ ძალადობისა და სისხლის რაოდენობის კუთხით ტარანტინოს ფილმოგრაფიაში, თუმცა, ერთი რამ ნათელია, საძულველი რვა რეჟისორის ყველაზე ცინიკური, ბოროტი, ბრაზიანი და აზრისგან დაცლილი ნამუშევარია.

უშუალოდ ფილმის სათაური გვეუბნება, რომ აქ კარგ კეთილ ბიძიებს და ფერიებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არავის გავუფრთხილებივართ რომ ვერ ვნახავდით თუნდაც ერთ პერსონაჟს ან გმირს რომლის სიუჟეტური მიზანი მათთან ემოციურად დაგვაკავშირებდა. ტარანტინოს არასდროს ჰყავს სწორხაზოვნად კეთილშობილი პროტაგონისტები ან ყოვლად უქარიზმო ბოროტმოქმედები, ეს არც ამ კონკრეტული ფილმისთვის იქნებოდა პრობლემა მათი არ-არსებობის კომპენსირება საინტერესო სიუჟეტით რომ ხდებოდეს. სამწუხაროდ, საძულველი რვა ამ საკითხშიც ოდნავ მოიკოჭლებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტარანტინოს ბოლო ფილმი მის ნამუშევრებს შორის ერთადერთია რომელიც მხოლოდ ერთხელ საყურებლად გამოდგება და ისიც მხოლოდ იმ მომენტამდე სანამ სიუჟეტური კვანძი გაიხსნება. ფილმი საინტერესო საყურებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის სერიოზული დოზით ქმნის რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს, რომელიც ბოლომდე მოლოდინადვე რჩება. ეს ტარანტინოს იმ იშვიათ ფილმთაგანია რომლის არცერთი პერსონაჟის სიკვდილი ან წამება უკეთეს შემთხვევაში არ გეწყინებათ, უარეს შემთხვევაში კი თქვენში სრულიად არანაირ ემოციას არ გამოიწვევს. დიალოგებში ტარანტინოსეული რიტმი იგრძნობა, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე უფრო ცარიელ სტილთან გვაქვს ვიდრე შინაარსთან, რომელმაც შეიძლება რამე ახალი შეგვძინოს ან რამეზე დაგვაფიქროს.

თითქმის სამ საათიან ფილმში ერთადერთი დადებითი პერსონაჟი ფიქციური აბრაამ ლინკოლნია, ასეთადვე შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი პათოსით დაწერილი ყალბი უსულო წერილი, რომელიც ალბათ სწორედ რეჟისორის ჩანაფიქრის გამო გარშემომყოფ სულიერ არსებებზე უფრო მეტ სულიერებას ატარებს მისი სიყალბის მიუხედავად. ჯონ რუთის სახე, როდესაც ის გებულობს რომ სინამდვილეში მის უსაყვარლეს პრეზიდენტს შავკანიან მაიორთან არანაირი მიმოწერა არ ჰქონია, იმ პატარა ბავშვის რეაქციას მოგაგონებთ რომელმაც ეს ესაა სანტა კლაუსის არარსებობის შესახებ მწარე სიმართლე გაიგო. ამით შესაძლოა ტარანტინო, ლინკოლნის (და ალბათ ზოგადად ადამიანების) გაიდეალების წინააღმდეგ ძალიან დახვეწილად და ერთი შეხედვით შეუმჩნევლად ილაშქრებს.

ყველაზე საინტერესო კადრი მაინც ფილმის დასასრულისკენ გვხვდება. როდესაც დასკვნით ნაწილში დაჭრილი სემუელ ელ ჯექსონის გმირი, რასისტ სამხრეთელ მეწყვილესთან ერთად, ერთადერთ ქალ პერსონაჟს ახრჩობს. კამერა მათი შეშლილი, მანიაკალურად მოცინარი სახეებისკენ ტრიალდება, მაყურებელი მათ უკვე ჩამომხრჩვალის პოზიციიდან უყურებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტარანტინო ან მისი გმირები ჩვენ დაგვცინიან. ჩვენი ტანჯვა მათი მხიარულების მიზეზია. იქნებ მართლაც ასეა? იქნებ ეგომანიაკმა ტარანტინომ სპეციალურად შექმნა ასეთი ამორალური პერსონაჟებით დახუნძლული ნამუშევარი, რომ მაყურებელს დასცინოს და შეგვახსენოს “თქვენ უყურებთ ყველაფერს რასაც მე გადავიღებ”. შეიძლება ასეა, შეიძლება ეს უბრალოდ ჩვენი ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც ყველგან და ყველაფერში სიმბოლოებს ეძებს.

ფილმის განხილვას რომ დავუბრუნდეთ, არაფერს ახალს არ ვიტყვით თუ აღვნიშნავთ, რომ ფილმს მართლაც არაჩვეულებრივი საუნდტრეკი აქვს. ოქროს გლობუსი სრულად დამსახურებულად გადასცეს ტარანტინოს (როგორც თავად აღნიშნა) უსაყვარლეს კომპოზიტორს, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ენიო მორიკონეს. 90 წლის იტალიელი ამერიკულ ფილმზე გაწეული სამუშაოსთვის, შტატებში პირველად დააფასეს.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ღირს თუ არა საძულველი რვის ნახვა? პასუხი ცალსახაა. რა თქმა უნდა, ღირს! არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმების გარდა, თითოეული მსახიობი საკუთარ საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინო არც დიალოგების, არც ძალადობის, არც შინაარსის და არც იუმორის მხრივ ახალს არაფერს გვთავაზობს, ვერ ვიტყვით რომ საძულველი რვა მოსაწყენი ფილმია. დიახ, ჩვენ არც რაღაც განსაკუთრებული “plot twist” გველოდება წინ და არც აქამდე არნახული სპეცეფექტები, მაგრამ როგორც არასდროს ისე იგრძნობა ტარანტინოსეული სტილის აუხსნელი შარმი, რომელიც მის საშუალო დონის ნამუშევარსაც კი ყველასგან გამორჩეულს ხდის. ფილმის ნახვა ღირს მხოლოდ და მხოლოდ ტარანტინოს გამო. შეიძლება ითქვას. რომ გადარეული და ექსცენტრიული ამერიკელის სტილი, გავლენის დონით ჰიჩკოკის და კოენების უნიკალურ ხელწერას უტოლდება და მის ყველა ნამუშევარს (თუნდაც “ცუდს”) ყურებადს ხდის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტარანტინოს განსაკუთრებულობის კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად ხაზგასასმელად სწორედ ასეთი საშუალო დონის ფილმის გადაღება საჭიროც კი იყო.