დღეიდან კვირაში “ერთხელ კვირის” პლეილისტს შემოგთავაზებთ. რუბრიკის ფარგლებში თანამედროვე მუსიკაზე ვისაუბრებთ. ამ კვირაში გასაგები მიზეზების გამო პლეილისტი მთლიანად დევიდ ბოუის ეძღვნება.
ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
Heroes -დევიდ ბოუის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, თუმცა, ნაკლებად ცნობილია თუ რამ შთააგონა მუსიკოსი მის დაწერაზე. Heroes შეყვარებულ წყვილზე მოგვითხრობს. მათ ბერლინის კედელთან ბოუი თავისი სტუდიოს ფანრჯრიდან ყოველ დღე აკვირდებოდა. თუმცა, წყვილის ვინაობა 26 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. საქმე ისაა, რომ ბოუი ფანჯრიდან თავის პროდიუსერს, ტონი ვისკონტის და ბექვოკალს, ანტონია მაასს ხედავდა. ვისკონტის ცოლი ჰყავდა და მისი პაემნები ფარული იყო, ამიტომ ბოუიმ ეს ამბავი მხოლოდ 2003 წელს გაახმაურა.
Ashes to Ashes საინტერესო ვიდეო (რეჟისორი დევიდ მალეტი) აქვს. მისი გადაღება 250,000 ინგლისური გირვანქა სტერლინგი დაჯდა, ეს ბიუჯეტი იმ დროისთვის მუსიკალური კლიპისთვის სარეკორდო თანხას წარმოადგენდა. Ashes to Ashes ბოუის 1969 წლის სხვა სიმღერის, Space Oddity-ს ერთგვარი სიქველია, რომელშიც ავტორი მის პერსონაჟს მაიორ ტომს (Major Tom) უბრუნდება. სიმღერაში მაიორმა მიწასთან კავშირი აღადგინა და იუწყება რომ ის ბედნიერია.
Let’s Dance -ის კლიპი ავსტრალიაშია გადაღებული. ვიდეოს მთავარი გმირი ავსტრალიელი აბორიგენების წყვილია, რომელიც დასავლური იმპერიალიზმის წიაღში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს. ბოუის თქმით კლიპის იდეა მარტივია და რასიზმის წინაამღდეგაა მიმართული.
Young Americans – უცნაურია, მაგრამ ამ სიმღერამ ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბის” შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. Rolling stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წიგნის ავტორმა განაცხადა, რომ ერთ ბარში, რომელიც სავსე იყო დამწყები თუ შემდგარი მწერლებით, გავლენიანი რედაქტორის, ჯერალდ ჰოვარდის ყურადღების მისაქცევად და წიგნის იდეაზე დასალაპარაკებლად, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა მწერალმა შემდეგ ხერხს მიმართა – პალანიკმა ათდოლარიანი დაახურდავა და juke box-ს 40-ჯერ დააკვრევინა ბოუის ეს სიმღერა. ბარში ბევრმა ამას ვერ გაუძლო და საბოლოოდ პალანიკი და ჰოვარდი პრაქტიკულად ტეტ-ა-ტეტ დარჩნენ.
Five years – ამ სიმღერის თანახმად დედამიწაზე აპოკალიფსი ხუთ წელიწადში უნდა დამდგარიყო. სიმღერის იდეა კი, ერთ-ერთი ვერსიით ბოუის სიზმრიდან მოდის, სადაც მას გარდაცვლილი მამა გამოეცხადა და აუწყა, რომ ხუთ წელიწადში მოკვდებოდა.
Magic dance – გახსოვთ ბავშვი (baby with the power) რომელიც გობლინებმა მოიტაცეს ფილმ ლაბირინთში? მისი სახელი ტობი ფრაუდია, 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი. ფილმში ბოუიც მონაწილეობს სადაც ამ სიმღერას ასრულებს კიდევაც. მაგრამ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ფრაუდი გაიზარდა და დღეს გობლინების ერთგვარ “მეფედ” მოგვევლინა. საქმე ისაა, რომ ფრაუდი ამჟამად ფენტეზი ფილმებზე მუშაობს, რომლის გმირებიც ხშირად გობლინები არიან.
Crystal Japan– 1980 წელს იაპონიაში საკეს რეკლამა გამოჩნდა, რომელშიც მთავარ როლს ბოუი თამაშობდა და სადაც, ეს ერთი წლით ადრე დაწერილი ინსტრუმენტალური კომპოზიცია ჟღერდა. ბოუის თქმით კომპოზიცია რეკლამის გამო არ დაწერილა.Crystal Japan რომ არა, ალბათ არც Nine Inch Nails-ის ეს სიმღერა იარსებდა, ან ვინ იცის, იქნებ ჩვეულებრივი დამთხვევაა?
Modern Love – კიდევ ერთი რეკლამა, რომელშიც დევიდ ბოუიმ ითამაშა 1987 წელს გადაღებული პეპსის ვიდეოა. ბოუიმ სპეციალურად რგოლისთვის, რომელშიც ასევე ტინა ტერნერს ვხვდებით, სიმღერა ხელახლა ჩაწერა.
Fame – 1974 წელს ელიზაბეთ ტეილორის წვეულებაზე დევიდ ბოუიმ ჯონ ლენონი გაიცნო. ცოტა მოგვიანებით ბოუიმ ლენონი სტუდიაში ჯემ სესიაზე დაპატიჟა, რომლის დროსაც შეიძლება ითქვას ეს სიმღერა დაიბადა. სათაურს რაც შეეხება, ის სწორედ ლენონის მოფიქრებულია. თუ სიმღერას დაკვირვებით მოუსმენთ, ფონზე ლენონის ვოკალის გარჩევა შეგიძლიათ.
Lazarus – ბოუის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე გამოვიდა. ბევრის თქმით, ეს სიმღერა მისი გამოსამშვიდობებელი ნამუშევარია, ასეთ ვარაუდს სიმღერის ტექსტიც ამაგრებს (Look up here, I’m in heaven, I’ve got scars that can’t be seen, I’ve got drama, can’t be stolen) საინტერესოა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ვიდეო 51 მილიონ ნახვამდე ავიდა.
რთულია წარმოიდგინო ბოუიზე პროდუქტიული არტისტი, მან წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის გაცემა და მიღება მოახერხა და ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ მისი მუსიკა ოდესმე მოკვდება.