ავტორი: დათო ლობჟანიძე
სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში მილიარდერი ადოლფ მერკლე ოჯახს წერილს უტოვებს, რამდენიმე წუთში სახლიდან გადის და სამასიოდე მეტრში რკინიგზაზე, მაღალი სიჩქარით მომავალ მატარებელს უვარდება. 2009 წლის 5 იანვარია. მერკლე ერთ-ერთია იმ მსხვილი ფინანსური ორგანიზაციების მმართველებიდან, რომლებმაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.
The Big Short, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნს და რეალურ მოვლენებს ეფუძნება, 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზის ეხმაურება, მოვლენას, რომელიც მსოფლიომ როგორც ჩანს დღემდე ვერ გაიაზრა. ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის პირველ რიგში ალბათ Margin Call გაგვახსენდება, თუმცა მისგან განსხვავებით The Big Short ბევრად უფრო სრულყოფილად და გასაგებად გვიხსნის, თუ რამ გამოიწვია თანამედროვეობის ყველაზე დიდი ფინანსური დეფოლტი.
როგორ მოხდა , რომ უოლ სტრიტის მგლებმა და ზოგადად ფინანსური სამყაროს მამებმა ვერ დაინახეს გარდაუვალი კრახი? სხვა შესაძლო პასუხებს შორის საინტერესოა ორი ვარიანტი, რომელსაც ფილმში ვხვდებით. პირველი ვერსიით, კრიზისამდე ბანკების მმართველები იმდენად იყვნენ დაკავებულები შემოსავლებით, რომ გრძელვადიან შედეგებზე არავინ ფიქრობდა. ფილმში არის ასეთი ეპიზოდი – ფლორიდაში, სიტუაციაში გასარკვევად ჩასული ფინანსისტები სტივ კარელის პერსონაჟის (მარკ ბაუმის) თაოსნობით ადგილობრივ საკრედიტო ოფიცრებს ხვდებიან. ოფიცრები ჰყვებიან, თუ როგორ გასცემენ სესხს ადამიანებზე, რომლებსაც ფულის დაბრუნების პოტენციალი არ აქვთ და გაცემული სესხებით ღებულობენ ბონუსებს, ერთობიან სტრიპტიზიორებთან, ფლანგავენ ფულს და ა.შ. მოგვიანებით მარკ ბაუმი ეკითხება თავის ასისტენს, თუ რატომ აღიარებენ ეს ადამიანები ამას, ისინი ხომ დანაშაულს სჩადიან, რაზეც პასუხად ესმის: “ისინი დანაშაულს არ აღიარებენ…ისინი ტრაბახობენ.” ფილმის სხვა ეპიზოდში ვხვდებით ბანკების კონტროლის სფეროში მომუშავე პერსონაჟს, რომელიც ახალ სამსახურს საბანკო სფეროში ეძებს, ანუ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტის წესებს არღვევს, თუმცა როგორც ჩანს ეს არავის აინტერესებს.
მეორე ვერსიით საბანკო სექტორმა თავიდანვე იცოდა, რომ საბოლოო ჯამში ის არ დაზარლდებოდა და სახელმწიფო მას გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან დააფინანსებდა. ამ დასკვნას ფილმის საფინალო ნაწილში ვხვდებით, ცოტა ადრე კი სტივ კარელის პერსონაჟის მონოლოგს ვუსმენთ, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ისტორია არაფერს გვასწავლის. სწორედ, რომ ეს მონოლოგი და შემდგომში დასკვნა გვარწმუნებს, რომ ერთადერთი რაც დღეს საბანკო, თუ ფინანსურ სფეროში შეიცვალა ტერმინებია, თვისობრივად კი ყველაფერი ძველებურად გრძელდება და შესაძლოა გაგრძელდეს მანამ სანამ ახალი კრახის მომსწრენი არ გავხდებით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფილმი მარკ ტვენის ფრაზით იხსნება, რომლის თანახმადაც უბედურება არა უცოდინრობაა, არამედ მცდარი წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე. მსოფლიო მნიშვნელობის ბანკის მესვეურები და ზოგადად ფინანსურ სფეროში მომუშავე ადამიანები იმდენად დარწმუნებულები იყვნენ იმ იპოთეკურ პოლიტიკაში რომელსაც აწარმოებდნენ, რომ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა კრახის წინასწარმეტყველება არავის შეეძლო. ფილმი სწორედ ამ რამდენიმე რეალურად არსებული ადამიანის შესახებ მოგვითხრობს.
ირონიულია, რომ მთავარი პერსონაჟები, რომლებიც მოსალოდნელ წარღვნას წინასწარმეტყველებენ, არ არიან გმირები, ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ კატასტროფის პირობებში შეუძლიათ, ფულის გაკეთებაა.
ზოგიერთი მათგანი იმდენად გართულია მოსალოდნელი მოგების, პროცენტების და რიცხვების თვლაში, რომ ავიწყდებათ, თითოეული ცვლადის, თუ რიცხვის უკან ათასობით ადამიანის ბედი დგას. მართალია, ფილმში სენტიმენტალური მომენტები ნაკლებადაა, მაგრამ ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდში ბრედ პიტის პერსონაჟი რამდენიმე წინადადებით მთელი ფილმის სათქმელს ამბობს: “თუ ჩვენ მართლები ვართ, ადამიანები სახლებს დაკარგავენ. ადამიანები უმუშევრები დარჩებიან. ადამიანები დანაზოგს და პენსიებს დაკარგავენ. იცით ბანკებში რა მძულს? ადამიანები რიცხვებამდე დაჰყავთ. ყოველ ჯერზე როდესაც უმუშევრობა ერთი პროცენტით იმატებს, 40,000 ადამიანი კვდება, იცოდით?” ამრიგად ფილმის მთავარი პერსონაჟები ემგვანებიან ნოეს კიდობანის მგზავრებს, რომლებსაც ერთადერთი გამოსავალი აქვთ, გადარჩნენ და ჩარევის გარეშე ადევნონ თვალი წარღვნას.
ფილმი სავსეა ფინანსური ტერმინებით და იმისათვის, რომ მაყურებელი საბანკო ჟარგონებში არ დაიკარგოს, რეჟისორი, ადამ მაკკეი საშველად მარგო რობის და სელენა გომესს უხმობს. ეს უკანასკნელნი ფილმის ინტერლუდიებში, ფინანსურ ტერმინებში გაუწაფავ მაყურებლებს მარტივად უხსნის თემებს, რომლებიც ერთი შეხედვით რთულია გაიგო.
ერთი-ორი სიტყვა ფილმის ტექნიკურ მხარეზეც უნდა ვთქვათ. პირველ რიგში, The Big Short ორიგინალური ნამუშევარია, მაკკეი, რომელიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ფილმამდე მეტწილად ნაკლებად სერიოზული, მაგრამ კარგი კომედიებით (Step Brothers, Anchorman: The Legend of Ron Burgundy) მოვიდა, ექსპერიმენტებს არ ერიდება და არაორდინალურ გადაღებას, ასევე უჩვეულო მონტაჟს უთავსებს. ხანდახან მაყურებელს შეიძლება დაგავიწყდეს, რომ რეალურად მხატვრულ და არა დოკუმენტურ ფილმს უყურებ. აღნიშვნის ღირსია ფილმის კასტი და პირველ რიგში სტივ კარელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარელი სერიოზულ მსახიობად ჩამოყალიბდა. ასევე კარგია ჰოლივუდელი გულთამპყრობელების ტრიო რაიან გოსლინგის, ბრედ პიტის და კრისტიან ბეილის სახით, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამჯერად ისინი საკუთარი მომხიმბვლელობის ტყვეობაში არ არიან და სამსახიობო ოსტატობის ხარჯზე იზიდავენ მაყურებელს.
და ბოლოს, ძალიან კარგია, რომ The Big Short წლევანდელი ოსკარების შორტლისტში მოხვდა, კარგია პირველ რიგში თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე. კარელის პერსონაჟების თქმის არ იყოს, ჩვენ იშვიათად ვსწავლობთ წარსულის შეცდომებზე და იქნებ აკადემიამ ამჯერად მაინც დააფასოს სერიოზული ნამუშევარი? და ვინ იცის, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მსოფლიო ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ პროცესებზე, და ვინ იცის, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია The Big Short-ს?..