წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ხომალდი რომელსაც სინათლის სიჩქარესთან მიახლოვებული სისწრაფით შეუძლია მოძრაობა. ასეთი ხომალდით დედამიწა რომ დატოვოთ და სიტყვაზე სამი წელი იმოგზაუროთ, სამშობლო პლანეტაზე დაბრუნებული აღმოაჩენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიოლოგიური საათის მიხედვით მხოლოდ სამი წელია გასული, თქვენს წასვლამდე ჯერ კიდევ არ დაბადებული ადამიანები უკვე ზრდასრულ ასაკში არიან. სტანისლავ ლემის ნაწარმოები “დაბრუნება ვარსკვლავებიდან” (Powrót z gwiazd) მსგავს სცენარს გვთავაზობს, იმ განსხვავებით რომ მთავარი პერსონაჟი, ჰალ ბრეგი კოსმოსურ მისიას ათ წელიწადს ანდომებს, ხოლო დედამიწაზე ამასობაში 127 წელი გადის. ბუნებრივია რომ დედამიწაზე ახალდაბრუნებული ჰალი შოკშია, ყველაფერი იმდენად შეცვლილია, რომ საწყის ეტაპზე ის ქალაქში ორიენტირებასაც კი ვერ ახერხებს. დედამიწა ტექნოლოგიურად ბევრად წინ არის წასული. თუმცა, ტექნოლოგიურ პროგრესზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავლის დედამიწა ერთგვარ უტოპიურ სამყაროს წარმოადგენს, აღმოფხვრილია ომები და ძალადობა, საჭმელი და საცხოვრებელი ადამიანს უფასოდ ეძლევა, ანუ შიმშილით არავინ კვდება. ერთი შეხედვით დედამიწა უფრო კარგი ადგილია, თუმცა ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – რის ფასად მიაღწია ამ ყველაფერს ადამიანმა?
ნარკომანიის თემაზე არსებულ ლიტერატურაში უილიამ ბეროუზის “ჯანქის” განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული წიგნი ნარკომანის და ბარიგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მთელ ცხოვრებას ნარკოტიკს უთმობს. საინტერესოა, რომ დიდი ხნის მანძილზე წიგნის გამოცემაზე უარს აცხადებდნენ, მეტწილად თემის გამო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაში დიდი როლი ბიტნიკმა და ბეროუზის მეგობარმა ალენ გინზბერგმა ითამაშა, რომელიც ჯერ რედაქტორის და შემდგომ უკვე ლიტერატურული აგენტის როლში მოგვევლინა. ჯანქი მარტივი, მაგრამ მდიდარი ენით დაწერილი წიგნია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
“აბსურდისტანი” 90იანი წლების საქართველო, სომხეთი,აზერნაიჯანი, ან ყაზახეთი, ან ყველა ერთად, მოკლედ რომ ვთქათ გამოგონილი პოსტ-საბჭოური ქვეყანაა. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ავტორი, ჰარი შტაინგარტი წარმოშობით საბჭოელი ებრაელია, რომლისთვისაც ეს რეგიონი აბსურდისტანია. წიგნი რუსი ებრაელი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდას მიშა ვაინბერგი ჰქვია, მას საბჭოური ფესვები და ამერიკული განათლება აქვს. მიშას მამა 1,238-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. დეპორტაციის შემდგომ მიშას ძალიან სურს ამერიკაში დაბრუნება და ყალბი პასპორტის გაკეთების მიზნით აბსურდისტანში მიეგმზავრება. მისი ვიზიტის დროს ქვეყანა უეცრად ომში ეხვევა და მთავარი გმირი აქ დიდი ხნით იჭედება. მთლიანობაში “აბსურდისტანი” საკმაოდ სასაცილო და სახალისო ნაწარმოებია.
“ზენი და მოტოციკლის მოვლის ხელოვნების” (Zen and the Art of Motorcycle Maintenance) გამოცემაზე მის ავტორს, რობერტ პირსიგს ასოცდაერთხელ უთხრეს უარი, თუმცა 122-ე გამომცემელმა გარისკა და წიგნი დაბეჭდა. სწორადაც მოიქცა, რადგანაც საბოლოო ჯამში ის ბესტსელერად იქცა და 5 მილიონ ეგზემპლიარად გაიყიდა. პირველად წიგნი 1974 წელს გამოიცა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ალბათ ზოგადად ინგლისურენოვან სამყაროში საკულტო ნაწარმოებად ითვლება. ეს არის ფილოსოფიური ხასიათის მხატვრული ნაწარმოები, რომლის განხილვის მთავარ საგანს სიცოცხლის აღქმა და ხარისხი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, წარმოადგენს. რომანი პირველ პირშია გადაწყვეტილი, მთხრობელი მიჰყვება 17 დღიან მოგზაურობას მოტოციკლით მინესოტადან კალიფორნიამდე, რომლის დროსაც ერთგვარი ფილოსოფიური ინტერლიუდების სახით გვესაუბრება ეპისტემოლოგიაზე, ემოტივიზმზე და სხვა ფილოსოფიურ თემებზე. რომანი საკმაროდ პოპულარული ენით არის დაწერილი და ამიტომაც მკითხველისგან არ მოითხოვს ფილოსოფიური დისციპლინების განსაკუთრებულ ცოდნას.
პოლ ოსტერის “მოგზაურობები სკრიპტორიუმში” (Travels in the Scriptorium) ერთგვარი ექსპერიმენტია, ერთგვარი ლიტერატურა ლიტერატურისათვის. წიგნის მთავარი გმირი, მისტერ ბლანკი (თარგმანში ბატონი სიცარიელე) უცნობ ოთახში იღვიძებს, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ არაფერი ახსოვს. მას სხვა ადამიანები სტუმრობენ, მათი მეშვეობით და ოთახში არსებული სხვა მინიშნებებით ის ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არის ის და როგორ დააღწიოს თავი “ტყვეობას”. ნაწარმოები სავსეა ალუზიებით ოსტერის სხვა ნაწარმოებებზე, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ ავტორი მსგავსი თხრობის (რომანი რომანში) ოსტატია. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მკითხველი მთავარი პერსონაჟის მსგავსად თავიდან გაურკვევლობაშია და მასთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ხდება სინამდვილეში.თუმცა, წიგნის მთავარი თემის განხილვა არასწორი იქნებოდა. წიგნი პრინციპში არც არაფერზეა, ეს უფრო ლიტერატურული თამაშია და თავსატეხების მოყვარული მკითხველი უნდა დააინტერესოს.