ინდექსი ლიტაგორას ახალი რუბრიკაა, რომელიც ინტერნეტში ყოველგვარი შესავალის გარეშე ამ პოსტის სახით ეშვება.

მოკლედ იდეაზე და გეგმაზე – ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ.  სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.

ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ქართული აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.
ამ პოსტში ინდექსის პირველ რესურსს გთავაზობთ.

შენიშვნა:  ამ პოსტის დადებიდან დაახლოებით ერთ დღეში არხმა საქართველოზე ტრეილერი დადო, რაც ამ რუბრიკის მომზადების პროცესში ცნობილი არ ყოფილა. ქვემოთ მოყვანილი ტექსტი ამ ტრეილერის გათვალისწინების გარეშე დაიწერა.

 

Bald and Bankrupt 

მთავარი თემა

იუთუბ არხი, რომელიც 2018 წლის ივნისში ჩაეშვა. 2019 წლის 28 ივნისის მდგომარეობით ჰყავს 800 ათასზე მეტი გამომწერი. ავტორი ინგლისელია, რომელიც არხის მეშვეობით მაყურებელს სხვადასხვა ქვეყნებში ამოგზაურებს. მიუხედავად იმისა, რომ არხზე ინდოეთზე არაერთ ვლოგს იხილავთ, ცენტრალური ადგილი აქ პოსტსაბჭოეთის ქვეყნებს უკავიათ.

რითი განსხვავდება სხვა იუთუბ ვლოგებისგან?

Bald and Bankrupt თავის იუთუბ აღწერილობაში მაყურებელს ახსენებს, რომ მის ვლოგზე ვერ შეხვდებით კლიშედ ქცეულ მონტაჟს, მოსაწყენ შესავლებს და იმ ატრიბუტებს, რომლებიც ამ პლატფორმაზე საკმარისზე მეტია. ასეთი მიდგომის დამსახურებით მაყურებელს სუფთა კონტენტი რჩება.

Bald and Bankrupt გონზო ჟურნალისტიკის და იუთუბერობის ერთგვარი ნაზავია და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მაყურებლისთვის პოსტსაბჭოური ესთეტიკა შეიძლება მომაბეზრებლად გაცვეთილი იყოს, აქ მოთხრობილ ამბებს მეინსტრიმ მედიაში ვერ გაიგებთ. ვლოგის ავტორის მიდგომა კი მოვლენების სხვა პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას იძლევა.  Bald and Bankrupt არც ბომჟებთან დალევას ერიდება  და არც ჩერნობილის მონახულებაზე ამბობს უარს.

აქვე უნდა ითქვას, რომ Bald and Bankrupt საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა, როგორც მან ერთ-ერთ ვიდეოში განაცხადა ის ყოფილი სსრკ-ს თხუთმეტივე რესპუბლიკის მონახულებას აპირებს.

რა გვჭირდება საყურებლად?

იუთუბი. მოითხოვს ინგლისურის ცოდნას. სასურველია ასევე რუსულის ფლობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთი ენის განსაკუთრებით მაღალ დონეზე ცოდნა საჭირო არ არის. არხი მარტივ ენას იყენებს, ამიტომ ინგლისურის და რუსულის სალაპარაკო დონეზე ცოდნა საკმარისია.