ავტორი: ჯამბულ ბარამიძე
“რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც” – ეს სიტყვები გერმანელ რეჟისორს რაინერ ვერნერ ფასბინდერს ეკუთვნის, რომლებიც პრაქტიკაში თანამედროვე ფრანგმა მწერალმა, ესეისტმა, გამომცემელმა და პოსტმოდერნიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, თვალსაჩინო წარმომადგენელმა ფრედერიკ ბეგბედერმა გაატარა – მისი „99 ფრანკი“ ამის დასტურია.
1965 წლის 21 სექტემბერს ფრანგული არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულმა ბედგედერმა განათლება პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში მიიღო. შემდგომ სარეკლამო სააგენტოს სცენარისტად მოგვევლინა, სადაც ათწლიან გამოცდილება დაგროვა. სწორედ აქ მიღებული გამოცდილება ხდებასარეკლამო სისტემის წინააღმდეგ გალაშქრვის წინაპირობა. ლიტერატურულ წრეებში, ბეგბედერზე და მის შემოქმედებაზე ლაპარაკისას, უმეტესწილად ისმის სიტყვები: სკანდალური, ექსცენტრიული, არაორდინალური და ა. შ. ეს გასაგებია, მისი ტექსტები გაჯერებულია ღრმა და აგრესიული ეროსით, ერთი შეხედვით უცენზურობითა და სხვა ავტორის ხასიათის და ტემპერამენტს ამსახველი ელემენტით.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ავტორმა გამოსცა სამი რომანი, „შეშლილი ახალგაზრდა კაცის მოგენებები“, არდადეგები კომაში ყოფნის დროს“ და სიყვარული სამ წელიწადში კვდება“. რთულია გადაჭრით ითქვას, რომ ეს რომანები ავტობიოგრაფიულია, ისევე, როგორც „99 ფრანკი“, მაგრამ ის რომ მწერლის ცხოვრების ამსახველი კადრები სახეზეა, ფაქტია. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე ავტორის კომენტარი ერთმნიშვნელოვანი არ არის. თუმცა გარკვეული პასაჟების ავტობიოგრაფიულობას ბეგბედერი ადასტურებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს რომანის მთავარი გმირები წარმოადგენენ, რომლებიც ავტორის მსგავსად სიამოვნებას იღებენ მდიდრული და ფუფუნებაში გატარებული ჰედონუსტური ცხოვრებისგან.
ავტორი აღიარებს მის დამოკიდებულებას ნარკოტიკებისადმი და ეროსისადმი. ნათელია, რომ ბეგბედერი ტიპური ბურჟუაზიის წარმომადგენელია, რომელიც მატერიალური ფასეულობებით საზრდოობს. თუმცა, აქ უნდა ითქვას, რომ ავტორს მისი პერსონაჟების მსგავსად შესწევს ძალა გაუმკლავდეს ამ ყოველივეს. ალბათ ამიტომ იშველიებს ბეგბედერი, ვერნერ ფასბინდერის სიტყვებს. აღნიშვნის ღირსია ავტორის სარეკლამო სფეროდან ჟურნალისტიკაში გადანაცვლება, ბეგბედერმა ტელეწამყვანის როლი შეითავსა. ერთ-ერთი ინტერვიუს თანახმად მას ამ სფეროზეც აქვს დაწყებული გროტესკული რომანი. თუმცა მისივე თქმით რომანს მხოლოდ ტელეკომპანიაში მუშაობის მობეზრების შემდეგ გამოაქვეყნებს, რადგანაც სწორედ რომ ეს წიგნი გახდება მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი.
ბეგბედერი შემთხვევით არ ირჩევს სამსახურს და პროფესიას და ის პირნათლად ამართლებს მისივე ნაწარმოებში მოყვანილ გამონათქვამს, „თვითმფრინავი, რომ ჩამოაგდო საჭიროა შენც იქ იყო.“ „ყველა მწერალი ჩამშვებია.ლიტერატურა დამბეზღებელია“ ბეგბედერის ეს სიტყვები იმას გულისხმობს, რომ მწერლის მიზანი სიმართლის გამოაშკარავება და ხალხისთვის მიწოდებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ავტორის „99 ფრანკი“. აქვე დავამატებ იმასაც რომ წიგნის სახელი მუდმივი და უცვლელი არ გახლავთ – გამომცემლობის სურვილის შემთხვევაში შეუძლია წიგნს სახელწოდება მისი საბაზრო ფასის მიხედვით შეუცვალოს.
„ვერსად გამექცევით. მე ყველგან ვარ საითაც უნდა გაიხედოთ. ყველგან რეკლამის სამფლობელოა. არც მოწყენის საშუალებას გაძლევთ და არც ფიქრისთვის გიტოვებთ დროს.“ ავტორის მიერ ასე გამოხატული სათქმელი მკითხველმა შეიძლება გადაჭარბებულად კი ჩათვალოს, თუმცა , ვფიქრობ ბეგბედერი ზუსტად ღწერს რეალობას. ის გვეუბნება, რომ დღევანდელი თავისუფალი ნება, ზნეობრივ-მორალური ღირებულებები და საერთოდ სულიერი ფასეულობები მხოლოდ და მხოლოდ ფიქციაა, ბუტაფორია, რომელიც ისეთივე არაჯანსაღია როგორიც რეკლამის მიერ გაპიარებული თითოეული პროდუქტი.
ხანდახან ადამიანს ჰგონია, რომ რეკლამას მასზე გავლენა არ აქვს მაგრამ მოგვწონს თუ არა ის ყოველთვის იჭრება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ევალება ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს, ოქტავ პარანგოს, მან უნდა გადაწყვიტოს თუ რა სურს ხალხს. „ხალხმა მანამდე არ იცის, რა უნდა, სანამ არ შესთავაზებენ“.
სარეკლამო სივრცე შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ტოტალური სისტემაა, რადგან ხალხის დასამორჩილებლად საუკეთესო საშუალეებაა დაიმორჩილოთ მათი გონება. რეკლამის ყველაზე ძლიერი იარაღი, ადამიანების სურვილების დაკმაყოფილებაა და ეს ერთი შეხედვით არც ისე ცუდად ჟღერს, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ სურვილებს თავად რეკლამა აღძრავს. ეს ყველაფერი კი ისე შეუმჩნევლად ფუნქციონირებს, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენც კი არ აქვს იმაზე თუ რა ხდება მის გარეშემო. ის ვერაფერს ახერხებს და ისეთივე უმწეო და უსუსურია, როგორიც იოზეფ კ. სისტემის წინააღმდეგ. „ამ ყველაფრიდან თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არსებობს. ყველა ჭუჭრუტანა დაგმანულია და ყველა კარი ჩარაზული. თანაც ხომ იცით, როგორ კეტავენ? სულ სიცილ-სიცილითა და ლამაზი ღიმილით.“(ბეგბედერი.2011.11)
ამ სისტემაში ადამიანები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან მათ ყველაფერი თავისუფალი ნებით გამოწვეული ჰგონიათ. შედეგად ყალიბდება საზოგადოება რომლის მთავარი დანიშნულება ჰედონიზმია, ჩნდება ტოტალიტარული აზროვნება. ამ საზოგადოებამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებზე იცვლება, ლოგოსი ლოგოტიპით. ეს საზოგადოება მოძრაობს ერთი პრინციპით „ვხარჯავ ე.ი. ვარსებობ“.
ასევე აღნიშვნის ღირსია ბეგბედერის აზრი პლატონის გამოქვაბულზე. მისი აზრით ეს გამოქვაბული დღემდე არსებობს-ქვის კედელი ტელევიზორით ჩანაცვლდა, ჩრდილები კი რეკლამით. შეიცვალა ფორმები, შინაარსი კი უცვლელია.
ბიბლიოგრაფია
ბეგბედერი, ფრედერიკ. 2011. 99 ფრანკი. თბილისი: პალიტრა L.
თუთბერიძე, ქეთი. ჰედონიზმის ლიტერატურული სტრიპტიზი. Forbes Georgia. 2012.