ავტორი: სალომე დუმბაძე

თეშუვა [1] ფოტო სერიაა გარდაცვლილი ძმის შესახებ, რომელიც არასდროს მინახავს. ფოტო სერია ერთგვარი  კვლევაა; მოგზაურობა თვითმყოფად, სათავგადასავლო ეპიზოდებში.

საგნები პიროვნების თავგადასავლის შემნახველად გვევლინებიან. ჩემამდე მოსული ფრაგმენტული მასალა კი ეპიზოდების მთავარი გზამკვლევია.

გზამკვლევი

საგნები: წითელი დასაკეცი დანა, სათვალე, რადიო, რომელსაც სულ თან ატარებდა, მწვანე 12 ფურცლიანი რვეული და რვეული ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მსახიობების ფოტოებით.

მწვანე 12 ფურცლიან რვეულში გაყოლებული ასოების ქვემოთ დედის შეფასებებია , დავალების ხარისხის შესაბამისად. საავადმყოფოს- შემდეგში კი სახლის სივრცე საკლასო ოთახად გადაიქცა, დედა კი კლასელის და მასწავლებლის როლს ირგებს. რვეულის რამდენიმე გვერდზე მისი ხელნაწერი ციფრები და ასოებია. დარჩენილი გვერდები კი ცარიელია, დაუმთავრებელი, მხოლოდ დედის ნიმუშებიღაა შემორჩენილი

დაბადება

მეტისმეტი სიცელქე, დაუოკებელი ძალები, მისი ბუნების მთავარი განმსაზღვრელი თვისებები, იმ პერიოდშიც იჩენს თავს, როცა მისთვის ცნობილი ხდება, დიაგნოზის შესახებ, ეს ზღურბლი მისი ცხოვრების ბოლო ეპიზოდია. თუმცა, როგორც ტრადიციული გმირის ბობოქარი ბავშვობაა ერთგვარი შემზადება სამომავლო ბრძოლებისთვის, ამ შემთხვევაშიც იგი მზადაა თავისი ვალის შესასრულებლად, ახალ ზღურბლზე ვერ გადასვლა სულიერი ღირსებითაა დაძლეული. ეს განსაცდელი მისი მიზნების ასრულებისკენ მიმართული ბედისწერის ნაწილია. იგი სიკვდილის შიშის გადალახვით, რეალობის მიღებით, სამომავლო ბრძოლებთან მზადყოფნას გამოხატავს, რითაც ახალ ზღურბლზე გადასვლა, ხელახლა დაბადება ხდება

დაბრუნება

სპორტსმენი მამა მისთვის გმირობის არქეტიპია, – სიძლიერის მაგალითი.

უშიშარი მამა არცერთ შანსს არ უშვებს ხელიდან, იბრძვის ყოველ ახალ ეტაპზე გადასასვლელად. არ აქვს ყოყმანის, შიშის დრო, რადგან რაც არ უნდა გააკეთოს, აქამდე უკვე გაკეთებულია მითოსური გმირის მიერ. იგი მტკიცეა, ინარჩუნებს სიმშვიდეს. შვილი კი  თავის გასავლელ გზაზე გმირი მამის გამოცდილებით ხელმძღვანელობს.

მამის წიაღში დაბრუნებით, ტრადიციულ გზაზე სვლით, განსაცდელის მიმღებლობით იგი თავისუფლდება ყოველგვარი დროებითობისგან

[1] თეშუვა – ებრაულად תשובה, სიტყვასიტყვით ნიშნავს “დაბრუნებას”

——————————————————————————————————————–

სხვა თემაზე ჩვენი იუთუბ არხიდან: