ავტორი: დათო ლობჟანიძე
წელს პირველად, ლიტაგორაზე ბერლინალეს გავაშუქებთ. რიგით 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 16 თებერვალს დაიწყება და 26 რიცხვის ჩათვლით წარმოგვიდგენს სხვადასხვა ფილმებს და ღონისძიებებს. ყოველწლიურად აქ 400-მდე ნამუშევარი იყრის თავს, რომელთა დიდი წილის მსოფლიო პრემიერა სწორედ ბერლინში იმართება. ცნობილ ფესტივალებს შორის, თუ სანდენსი კინო კალენდარს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ხსნის, ბერლინალე ამას წლის დასაწყისში ევროპაში აკეთებს.
წლევანდელ ღონისძიებას ორ წლიანი კოვიდ პანდემიური რეჟიმიდან, პრე-კოვიდურ მდგომარეობამდე დაბრუნება გამოარჩევს. 2021-ში ბერლინალემ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, 2022 წელს კი შემოკლებული ვერსიით წარსდგა კინომოყვარულების წინაშე – კორონავირუსის ომიკრონ ვერსიის გამოჩენის გამო. წელს ფესტივალი ტრადიციულ, სრულად ცოცხალ ფორმატში გაიმართება.
ფესტივალის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ბერლინალეს ოფიციალურ საიტზე ზღვა მასალის გაცნობის საშუალება გვაქვს, რაც შემდგომში ცხადია ორიენტირებაში და დროის დაზოგვაში დაგვეხმარება. ამ პოსტში მსურს რამდენიმე დაკვირვება გაგიზიაროთ და ფესტივალის წლევანდელი გამოშვების შესახებ ერთგვარი ანონსი წარმოგიდგინოთ.
ორგანიზება
როდესაც საქმე გერმანიას ეხება ორგანიზების ხარისხზე საუბარი ალბათ ზედმეტია. თუმცა, ვფიქრობ მასზე აქცენტირება შესაძლოა ქართული ღონისძიებების სავარაუდოდ ყველაზე სუსტი წერტილის საილუსტრაციოდ და საქართველოში სულ, სუუულ ოდნავ უკეთესი მომავლის სურვილის იმედად გამოდგეს. რა არის ფესტივალი, იქნება ეს კინო თუ რომელიმე სხვა დარგი, თუ არა ორგანიზება და კვლავ ორგანიზება?
წლევანდელ ბერლინალეზე ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას მარიეტ რიზენბეკი, ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს რომ აქტიურ ფაზაში, ანუ იანვარ-თებერვალში, ბერლინალეზე ცხადია ასეულობით ადამიანი მუშაობს, თუმცა, წლის შედარებით ნაკლებად დატვირთულ დროს შტატში სულ 4 თუ 5 პირია. ამის მიუხედავად, სწორი დაგეგმვის, დროული კოორდინირების და წინასწარ თადარიგის დაჭერის პირობებში, გარანტირებულია, რომ ფესტივალი ექსცესების გარეშე ჩაივლის. და აქვე შეგახსენებთ, რომ საუბარია ფესტივალზე რომელზეც მხოლოდ აკრედიტაციით 20,000 პირამდე მონაწილეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბილეთით დამსწრეებზე და მომუშავე პერსონალზე.
ასეთ პირობებში საქმე გვიმარტივდება ჟურნალისტებსაც. ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უკვე ვიცოდით სრული პროგრამა, ყველა ფილმის , პრეს კონფერენციის და ღონისძიების დრო და ადგილი. მივიღეთ ასევე ზუსტი ინსტრუქცია ბეჯების, მედია ზონების და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, რაც საბოლოო ჯამში ღონისძიებაზე ქაოსურ მოძრაობებს აგვარიდებს.
თუმცა, ყველაზე მეტად მაინც იმ განრიგის ბადემ გამაკვირვა და თავი შემაყვარა, რომელიც საიტზე შენ თვითონ შეგიძლია შეავსო. ნიშნავ შენთვის სასურველ ფილმს და დროს, და ერთი თითის დაჭერით ბადეში აგდებ, შედეგად ხედავ შენი არჩეული ფილმების სრულ სურათს, ხვდები ემთხვევა თუ არა რომელიმე სეანსი რამე სხვას, თუ არა და ა.შ. სამწუხაროდ, სხვა გამოცდილებას შეჩვეულმა ეს საუცხოოდ გამოსადეგი ინსტრუმენტი მხოლოდ მას შემდეგ შევნიშნე, რაც გვერდზე ფანჯარაში გახსნილი „ნოუთფადი“ 30-მდე ფილმით და ჩვენებების განრიგით შეივსო.

ვაიმე, შევჩენკო
როგორც ყოველთვის ბერლინალე ყურადღებას იპყრობს მასში მონაწილე გლობალურად ცნობადი სახეებით. წელს მთავარ საკონკურსო ჟიურის კრისტენ სტიუარტი თავმჯდომარეობს. ჟიურის კიდევ ერთი წევრია გოლშიფტე ფარაჰანი. საპატიო დათვი სტივენ სპილბერგს გადაეცემა, ხოლო სტუმრებს შორის ჯონ მალკოვიჩი, ჯერალდინა ჩაპლინი, ქეით ბლანშეტი და რუბენ ოსტლუნდი შეგვიძლია ვიხილოთ, რომლებიც ფესტივალზე დამატებითი პროგრამებით წარდგებიან. ასე მაგალითად, კანის ფესტივალის ორ გზის გამარჯვებული რუბენ ოსტლუნდი, Hebbel am Ufer-ის თეატრის სცენაზე სტენდ-აფ შოუს ჩაატარებს.
რასაც ნახავ სხვაგან ვეღარ ნახავ
შესაძლოა ბერლინალე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დიდწილად ვარსკვლავთცვენის გამო ექცეოდეს, მაგრამ ეს ფესტივალი ცხადია გაცილებით მეტია ვიდრე წითელი ხალიჩა და გლამური. ამიტომ იმ ძალიან ცნობილი ჩვენებების (მაგალითად ტოდ ფილდის „ტარის“, ბრენდონ კრონბერგის „უსასრულო ბასეინის“ ან სელინ სონგის „წარსული ცხოვრებების“) მიღმა რომელზეც სავსე დარბაზებს უნდა ველოდოთ, შეიძლება უფრო მეტადაც ღირდეს ისეთი ფილმების ნახვა რომლებიც უფრო რთული სანახავია ონლაინ სივრცეებში და ამავდროულად, ჩვენს ფესტივალებამდეც ნაკლებად აღწევს. მოდით, ასეთი ნამუშევრები გაცვეთილი და მათი არსის ნაკლებად ამსახველი, დრომოჭმული სიტყვით „ექსპერიმენტული“ ან ესსედ მოვიხსენიოთ. ასეთებს შორის მოვიაზრებ დენ და დომინიკ ანგელოროს “Hello Dunkness” ან აქსელ დანიელსონის და ვან აერტრიკის „და თქვა მეფემ, რა ფანტასტიკური მანქანაა“. ცხადია ფესტივალზე მრავლადაა წარმოდგენილი ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმებიც.
პოლიტიკური მოვლენა
სხვა დიდი ფესტივალებისგან განსხვავებით, ბერლინალეს მეტი პოლიტიკურობა გამოარჩევს. მაგალითისათვის, თუ კანში და ვენეციაში აქცენტი მასშტაბურ კინოზეა სადაც დიდი ყურადღება ვარსკვლავებს ექცევა, აქ მიმდინარე მოვლენებზე განცხადებებს და პოზიციონირებას გაცილებით ხშირად შეხვდებით. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ფესტივალი 1951 წლიდან არსებობს, პოლიტიკური მოტივები დაახლოებით 30 წლის წინ მომძლავრდა, მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანდა. აქვე უნდა ითქვას, რომ კედლის დანგრევას მოჰყვა ფესტივალის მნიშვნელოვნად გაზრდა, იმდენად რამდენადაც გაიზარდა მაყურებლების და დამსწრეების რაოდენობა.
წელს ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ირანში მიმდინარე პროტესტებს და უკრაინის ომს. გარდა იმისა, რომ ეს საფესტივალო პროგრამას ეტყობა, სადაც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი როგორც უკრაინული ნამუშევრები და ირანელი ავტორების ფილმები, ფესტივალმა არა ერთი განცხადება გააკეთა, დაგმო რუსეთის აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადა ირანის პროტესტებში მონაწილეებს.
ქართული კვალი
ქართული ფილმები წელს ბერლინალეზე არ მონაწილეობენ. ამის მიუხედავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში ჟიურის წევრებს შორისაა ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი. ის მსახიობ აგელიკი პაპოულიასთან (“ეშვი”, “ლობსტერი”) და იტალიელ პროგრამერ პაოლო მორეტისთან ერთად Encounters-ის სექციაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.
Encounters ბერლინის კინოფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია – მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ ფილმებს რომლებიც კინოში ტრადიციული თხრობის ნორმებს სცდებიან და მაყურებელს ახლებურ ხედვას სთავაზობენ.
საქართველოს, კიდევ ერთი წარმომადგენელი Berlinale Talents-ზე ეყოლება. Berlinale Talents არის პლატფორმა რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინოში დასაქმებულ ადამიანებს კრებს და ერთმანეთთან აკავშირებს. წელს საქართველოდან აქ პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე მიმდინარე ამბების გასაცნობად თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს და სოციალური მედიის პლატფორმებს