ავტორი: დათო ლობჟანიძე

მოცემული მინი რეცენზია დაწერილია 73-ე ბერლინალეს შთაბეჭდილებების სერიის ფარგლებში.

ლილა ავილესის “ტოტემი” არის ფილმი სიცოცხლეზე და სიკვდილზე, დუალობაზე რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამის მიუხედავად, იშვიათად ვფიქრობთ გარდაცვალებაზე, მაშინ როდესაც მარტივი ჭეშმარიტების მიხედვით წარმავლობა არის ის რაც ყველაზე მეტად სძენს ადამიანის სიცოცხლეს ფასს. სწორედ სიკვდილს იყენებს ავილესი ერთგვარ დეუს ექს მახინად, რომელიც ავტორს ყოველი სიცოცხლის მდიდარი პალიტრის გაშლასა და ილუსტრაციაში ეხმარება.

7 წლის სოლი ფილმის მთავარი გმირია, მისი თვალით ვხედავთ ტრაგედიას – სიკვდილის პირას მყოფი მამის მდგომარეობას, რომლის ავადმყოფობით გამოწვეული სისუსტე არ აძლევს საშუალებას ახლოს იყოს იმ ადამიანებთან რომელიც ასე ძალიან უყვარს. ასეთი მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ფილმი არ ექცევა მელოდრამატულობის ტყვეობაში და სიკვდილის ირგვლივ მუდმივი ტრიალის მიუხედავად, უფრო მეტად სიცოცხლეზეა, ვიდრე მის ანტიპოდზე. აქ ყოველდღიურობა ჩქეფს, პერსონაჟები გამუდმებით რაღაცით დაკავებულები არიან და ჩვენ როგორც მაყურებელი სიცოცხლის ორომტრიალში ვექცევით. აქ თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ სწორედ ამ “არაფერშია” ყველაფერი, ადამიანის ყოველდღიურობა, სიცოცხლე რომელიც არასდროს ჩერდება და გარემო ფაქტორების მიუხედავად, მუდმივად გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ქრონომეტრაჟი სულ რაღაც 95 წუთია, ავტორი ახერხებს ძალიან ახლოდან დაგვანახოს პერსონაჟები, გაშალოს ყველა მათგანის ხასიათი, თითქოს კამერის ნაცვლად, მიკროსკოპს იყენებდეს. ალბათ სწორედ ახლოდან დაკვირვება არის საჭირო ოჯახის მსგავსი მოცემულობის აღსაწერად, ეს ხომ მიკროკოსმოსია ჩვენს გიგანტურ სამყაროში რომლის არსი ქაოსურია. თუმცა, ყოველი ოჯახი ამ უკიდეგანო, ქაოსურ სამყაროში ხომ ცალკე მდგომი ამბავია, თავისი დაუწერელი წეს-ჩვეულებებით.

ავილესი, რომელიც მექსიკელი რეჟისორია და გლობალური ცნობადობა თავისი სრულმეტრაჟიანი ფილმის (“მოახლე”, 2018) გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, მოაზროვნე ავტორია, რომლის ინტერესის ერთ-ერთ საგანს ენა და კომუნიკაცია წარმოადგენს. მიუხედავად იმისა რომ ტოტემში მისი პერსონაჟები ესპანურად ურთიერთობენ, ეს ესპანური შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვა ესპანურენოვანი ოჯახის შემთხვევაში – იმდენად რამდენადაც ყოველ ადამიანთან საკომუნიკაციო ჩვენ განსხვავებულ სიტყვებს, წინადადებებს და აზრებს ვაგებთ, ანუ გარკვეულწილად ვქმნით ახალ ენას. იმავეს აკეთებს კონკრეტული ოჯახი და სამეგობრო წრე.

ლიტაგორას შეფასება: 8/10