2011 წელს The Guardian – მა The Browser-ის ვუდი ალენთან ინტერვიუზე დაყრდნობით ცნობილი კინორეჟისორის ხუთი საყვარელი წიგნის შესახებ დაწერა. ვუდი ალენი საუბრობს იმ წიგნებზე, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა იქონიეს. გთავაზობთ სიის და რეჟისორის კომენტარების ქართულ თარგმანს.

woo

თამაში ჭვავის ყანაში, ჯერომ სელინჯერი, 1951

ამ წიგნს ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში წავიკითხე, დაახლოებით თვრამეტის ვიქნებოდი. მანჰეტენს, ზედა ისთ საიდს და ზოგადად ნიუ იორკზე ჩემს ფანტაზიებს ეხმაურებოდა. სხვა წიგნებისგან განსხვავებით, რომლებსაც იმ პერიოდში ვკითხულობდი, მისი წაკითხვა ნამდვილი შვება იყო, საშინაო დავალებას არ ჰგავდა. Middlemarch – ი და “გრძნობების აღზრდა” სამუშაოა, მაშინ როდესაც “თამაში ჭვავის ყანაში” ნამდვილი სიამოვნებაა. გართობის ტვირთი ავტორს აკისრია. სელინჯერმა ეს მოვალეობა პირველივე წინადადებიდან შეასრულა.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, კითხვა სასწავლებლისთვის შესასრულებელ საქმეს წარმოადგენდა, რაღაცას რასაც მოვალეობისთვის ვაკეთებდი, რაღაცას რაც შეიძლება გოგოებთან ურთიერთობაში დამხმარებოდა. ამას გასართობად არ ვაკეთებდი. “თამაში ჭვავის ყანაში” კი განსხვავებული რამ იყო. ვერთობოდი, წიგნი ჩემი იყო და დიდ ემოციურ გავლენას ახდენდა ჩემზე. რამდენჯერმე გადავიკითხე და ყოველ ჯერზე სიამოვნებას მგვრიდა.

Really the Blues, მეზ მეზროუ და ბერნარდ ვულფი, 1946

მეზროუს მემუარი საეჭვო და ტყუილი ისტორიებით იყო სავსე, ამის შესახებ იმ ჯაზ მუსიკოსებისგან შევიტყვე, რომლებიც მას იცნობდნენ. წიგნს ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, იმდენად რამდენადაც მეზროუს მსგავსად კლარნეტზე დაკვრას ვსწავლობდი, მუსიკასთან ზიარებას ვცდილობდი, რომლის შესახებაც მეზროუ და ბერნარდ ვულფი წერდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში სავარაუდოდ ძალიან ბევრი სისულელე და ტყუილია მოთხრობილი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რადგანაც იმ მუსიკოსების და ლეგენდარული ჯაზ კლუბების შესახებ მიყვებოდა, რომლებზეც ვგიჟდებოდი. ამიტომ, მაშინ როდესაც ჩემი ჯაზით გატაცება ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზე იყო, წიგნით ძალიან ვისიამოვნე. თუმცა, ვიცი მაინცდამაინც კარგი, ან თუ გნებავთ, გულახდილი წიგნი არ არის.

სიდნეი ჯოსეფ პერელმანის სამყარო, სიდნეი ჯოსეფ პერელმანი, 2000

ჩემს თანამედროვეებს შორის, რა მედიუმიც არ უნდა იყოს, იქნება ეს სტენდ აპი, ტელევიზია, თეატრი, პროზა თუ კინო, ყველაზე სასაცილო ადამიანი პერელმანია. მისი ადრეული ნამუშევრები საკმაოდ უხეში იყო, არც თუ ისე დახვეწილი და კარგი. წლების შემდეგ პერელმანი განვითარდა და უზომოდ მაღალ შედეგებს მიაღწია.

პერელმანის ბევრი კრებული კარგ მასალას შეიცავს. ის, რომლისთვისაც მე წინასიტყვაობის დაწერა მომიწია ბევრი შესანიშნავი მონაკვეთისგან შედგება. რედაქტორებმა წიგნის ქრონოლოგიურად შედგენა გადაწყვიტეს და ვფიქრობ პირველი ოთხი ესსე შედარებით სუსტი გამოვიდა, ხოლო, როგორც კი მეხუთე ესსემდე მიხვალთ, როგორ New Yorker – მა აღნიშნა, პერელმანი პიკს აღწევს და დარჩენილი ტექსტი აბსოლუტურად გენიალურია. შეუძლებელია ამაზე სასაცილო რამე იყოს.

ადამიანები, რომლებიც პერელმანთან ერთად გაიზარდნენ, მისი გავლენის ქვეშ ვექცევით. მას ძალიან ძლიერი და ინოვაციური სტილი აქვს.

პატარა გამარჯვებულის ეპიტაფია, მაჩადო ასისი 1880

ეს წიგნი ერთ დღეს ფოსტით მივიღე. ბრაზილიიდან უცნობმა ადამიანმა გამომიგზავნა და მომწერა, „მოგეწონება.“ პატარა წიგნი იყო და წავიკითხე. დიდი რომ ყოფილიყო, გადავაგდებდი.

წიგნით იმდენად მოვიხიბლე, რომ შოკი მივიღე. ვერ დავიჯერე, რომ მისი ავტორი ამდენი წლის წინ ცხოვრობდა. გეგონებოდა, გუშინ დაწერაო. ძალიან თანამედროვე და კარგი გასართობია. ძალიან ორიგინალურია. სელენჯერის წიგნის (თამაში ჭვავის ყანაში) მსგავსად ჩემში რაღაც გამოაღვიძა. ძალიან მომეწონა უშუალოდ ნაწარმოების თემა და ის, თუ რა გონებამახვილურად, ორიგინალურად და გრძნობით იყო დაწერილი.

ელია კაზანის ბიოგრაფია, რიჩარდ შიკელი, 2005

შოუბიზნესზე არსებულ წიგნებს შორის ამაზე კარგი არაფერი წამიკითხავს. შესანიშნავადაა დაწერილი და იმ გადასარევი რეჟისორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემთვის როგორც დამწყები რეჟისორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შიკელს ესმის კაზანის, ესმის ტენესი უილიამსის, ესმის მარლონ ბრანდოსი და „ტრამვაი სახელად სურვილის.“ ის დიდი ისტორიული ცოდნით და სიცოცხლით წერს. როგორც წესი დროის ხარჯვად არ ღირს წიგნების კითხვა შოუბიზნესზე. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ფიქრობთ კაზანზე პოლიტიკურად, როგორც რეჟისორი კი, ის დიდი ხელოვანი იყო.