ავტორი: დათო ლობჟანიძე

წელს ლიტაგორას FB გვერდზე რეგულარულად 2019-ში გამოსულ კომპოზიციებს გიზიარებდით (რამდენიმე 2018-ს გადმოყვა). სრული პლეილისტის მოსმენა აქ შეგიძლიათ.
წლის დასასრულმა ამ ნაკრების ლოგიკური შეფასება-სისტემაციიზაკენ მიბიძგა, რაც ამ ამ შემთხვევაში პირადი ათეულის შედგენაში გამოიხატა. პოპულარული მუსიკისთვის 2019 ძალიან კარგი გამოდგა, ამიტომ… გამიჭირდა.
ცხადია, ისევე როგორც ნებისმიერი ათეული ეს კონკრეტულიც პირობითობაა, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია რომ აქ წარმოდგენილი ყოველი კომპოზიცია თავისებურად გამორჩეულია და დიდი ალბათობით დროის გამოცდასაც გაუძლებს

10. 

FKA Twigs – Magdalene
ქვეყანა:
🇬🇧 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ლეიბლი: Young Turks

FKA twigs იმ არტისტებს შორისაა რომელიც ამ ათეულში რამდენიმე სიმღერით შეიძლება ყოფილიყი წარმოდგენილი, მაგალითად ამ სიმღერით, რომლის კლიპიც ცალკე განხილვის თემაა.
თუმცა, ათეულის მომზადებისას საკუთარი თავისთვის ერთ-ერთ კრიტერიუმად ყოველი შემსრულებლისგან თითო კომპოზიციის კვოტის დაწესების გამო ინგლისის ჩელტნემში დაბადებული 31 წლის ტალია დებრეტ ბარნეტის (FKA twigs-ის არასასცენო სახელი და გვარი) წლევანდელი ალბომიდან მხოლოდ ერთი სიმღერის შერჩევა შემეძლო.
არჩევანი  mary magdalene – ზე შევაჩერე, კომპოზიციაზე რომელიც კონკრეტული არტისტის ან მისი ნაწაროების ერთ მკაცრი ჟანრის ჩარჩოებში მოქცევის დრომოჭმულობას გვახსენებს

9. 

Pixies – Catfish Kate
ქვეყანა: 🇺🇸 ა.შ.შ.
ლეიბლი:
BMG/Infectious

2019 წელმა არაერთი კულტად ქცეული არტისტის დაბრუნება იხილა, მათ შორის მორისის (თუ გნებავთ, მორისეი იყოს), იგი პოპის, ჯონი მარის, Pet Shop Boys-ის და რიჩარდ ეშკროფტის.  ტექსტში წინა წინადადების ჩართვა საბაბი იყო ხსენებული არტისტების წლევანდელი სიმღერების დასალინკად, რაც ათეულში ვერ მოხვედრის ერთგვარი კომპენსაციაა. ათეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ერთმანეთზე უკეთესი კომპოზიციებია.
წელსვე ახალი ალბომით Pixies -მა გაგვახარა. მათ შორის Catfish Kate გამორჩეული სიმღერა მგონია, ჰიტია – შეიძლება ვინმეს ხმამაღალ განაცხადად  მოეჩვენოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ათწლეულების ჯგუფის სახედ ქცეულ კომპოზიციებს, მაგალითად ამას და ამას არაფრით ჩამოუვარდება. OK, ხომ ხედავთ Where is My Mind არ მიხსენებია, ემანდ ვინმემ მკრეხელობად არ ჩამითვალოს

8.

Grimes – So Heavy I Fell Through the Earth
ქვეყანა: 🇨🇦
კანადა
ლეიბლი: 4AD

Grimes-ის (კლერ ელის ბუშე) So Heavy I Fell Through the Earth ჰაეროვანი, მაგრამ ამავდროულად ჰარმონიით გაჯერებული სინგლია რომლის მოსმენისას თითქოს უწონადობაში ექცევი. მიუხედავად იმისა რომ საწინააღმდეგო გრძნობაზე მოგვითხრობს სიმღერა გამსუბუქებს, თითქოს ფიზიკის და გრავიტაციულ კანონებში რაღაც კორექტივები შეაქვს.
ამავდროულად ისეთ შთაბეჭდილას ტოვებს თითქოს ვიღაცამ 2100 წელს დროის მანქანა გამოიგონა და 2019-ში მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა რომ ჩვენთვის ეს სიმღერა ეჩუქებინა

7.

The Divine Comedy – Norman and Norma
ქვეყანა: 🇬🇧 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ლეიბლი: Divine Comedy Records

The Divine Comedy, ჩრდილო ირლანდიული ჯგუფია რომელმაც წელს დაარსებიდან 30 წლისთავი აღნიშნა და რომელიც შემოქმედებითად ლიტერატურულ გავლენებს განიცდის. ამაზე არა მხოლოდ ჯგუფის სახელწოდება, არამედ მისი სხვადასხვა კომპოზიცია მიანიშნებს. ყველაზე პირდაპირი მაგალითი ალბათ ეს სიმღერაა.
ამ მოცემულობას არც წელს გამოსული Norman and Norma გაექცა, რომლის ავტორადაც ტრადიციულად ჯგუფის ვოკალისტი ნილ ჰენონი მოგვევლინა. მართალია, აქ პარარელები ნაკლებად პირდაპირია, მაგრამ ტექსტი რომელიც ინგლისურ ენასთან და ინგლისის ისტორიასთან თამაშის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს, კიდევ ერთი ლიტერატურული ნიმუშია

6.

Röyksopp – In the End
ქვეყანა: 🇳🇴
ნორვეგია
ლეიბლი: Dog Triumph

ხანდახან მუსიკა ტყეს ჰგავს. შედიხარ და ჩვეულ სამყაროს უკან ტოვებ. Röyksopp – In The End ექვსი წუთიანი კომპოზიციაა რომელიც ასეთ გარემოს ქმნის, მოსმენისას კონცეტრაციას და მოჩვენებითი ერთფეროვნების მიღმა დეტალებისთვის დაკვირვებას მოითხოვს, თუმცა თუ მომთმენი მსმენელი ხარ შესაბამისად გაჯილდოვებს კიდევაც.
არადა, შესაძლებელია სიმღერის შესახებ საერთოდ არ გაგვეგო. საქმე ისაა რომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაწერეს და ეს განძი თავისთვის შეინახეს. ხუთი წლით. 2019 წელს მაინც გამოუშვეს. მადლობა (!) – sharing is caring ან უფრო ტრადიციულად რომ ვთქვათ, რასაცა გასცემ შენია რაც არა, დაკარგულია

5. 

Foals – Into the Surf
ქვეყანა:
🇬🇧 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ლეიბლი: Warner Records/Transgressive Records

ალბათ ცოტა მეინსტრიმ არტისტს ჰქონდა ისეთი პროდუქტიული წელი როგორც Foals. პროდუქტულობა ორ სტუდიურ ალბომში გამოიხატა. მარტში ჯგუფმა მსმენელს Everything Not Saved Will Be Lost – Part 1 შესთავაზა, რასაც არც აცივა და არც აცხელა და რამდენიმე თვეში ამავე სახელწოდების მეორე ნაწილი გამოუშვა.
ვერ ვიტყვი რომ ახლებიდან ყველა სიმღერა მომეწონა, მეტიც, ზოგიერთი მარტივი სიტყვათა შეთანხმებით “არაფერი განსაკუთრებული” შემიძლია დავახასიათო, თუმცა ამ ყველაფერში ერთი მართლაც რომ განსაკუთრებული კომპოზიცია დაიდო.
Into The Surf პირველ რიგში სიმღერაა და პოეზიაა, მაგრამ ამავდროულად ამ ყველაფერზე უფრო მეტია, საინტერესო თხრობის მაგალითია, რომელიც მსმენელს არა მხოლოდ სასიამოვნო სიმღერას სთავაზობს, არამედ ტექსტის და მელოდიის შეხამებით ამბავს მოუთხრობს და ამ ამბის ნაწილად აქცევს

4.

Mark Ronson – True Blue (Audio) ft. Angel Olsen
ქვეყანა: 🇬🇧 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 🇺🇸ა.შ.შ.
ლეიბლი: RCA Records, Sony 

კოლაბორაციებით ცნობილი მარკ რონსონი წელს გამოსული ალბომისთვის (Late Night Feelings) კვლავ სხვადასხვა არაერთ ნიჭიერ არტისტთან გაერთიანდა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო True Blue აღმოჩნდა, რონსონის და ენჯელ ოლსენის კოლაბორაცია.
ისეთი სიმღერაა, ბევრჯერ ჩართვა რომ მოგინდება და კარგი ხასიათისკენ რომ გიბიძგებს, ამის მიზეზი ალბათ ბევრი რამაა, თუმცა, ვფიქრობ ენჯელ ოლსენის ვოკალი ისაა რაც კომპოზიციას განსაკუთრებულ პეწს სძენს, ამიტომ ვეჭვობ მის გარეშე სიმღერა ასეთი საინტერესო გამოსულიყო

3.

Pond – Hand Mouth Dancer
ქვეყანა: 🇦🇺
ავსტრალია
ლეიბლი:
Spinning Top

Pond იმ ჯფუგების და არტისტების რიცხვს განეკუთვნება რომლებიც დღევანდელ პოპულარულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ მუსიკას ქმნიან და არც ექსპერიმენტს ერიდებიან. არ ვიცი რა მოცულობის შრომა და ენერგია ჩაიდო Pond-ის ამ კონკრეტული კომპოზიციის დასაწერად, მაგრამ შედეგი სრულყოფილებაა.
გარდა იმისა რომ სიმღერა მუსიკალურად ხელოვნების ნიმუშია ის ასევე პოლიტიკური მოტივების მატარებელია რაც ნაწარმოებს დამატებით ღირებულებას სძენს. მართალია ამ ათეულში ჯგუფის წლევანდელი ალბომიდან მხოლოდ Hand Mouth Dancer მოხვდა, მასში სრულად დამსახურებულად Pond-ის არაერთი სხვა კომპოზიცია შეიძლება ყოფილიყო

2. 

Alex Cameron – Miami Memory
ქვეყანა: 🇦🇺
ავსტრალია
ლეიბლი: Secretly Canadian

Pond – ის შემთხვევაში ექსპერიმენტი ვახსენე და იგივე სიტყვის გამოყენება ალექს კამერონზე საუბრისას შეიძლება, სხვათაშორის ამ ორს ასევე ის ფაქტი აერთიანებს რომ ორივე ავსტრალიიდანაა. ამ ქვეყანიდან წელს არაერთი საინტერესო არტისტი ვიხილეთ (სამწუხაროდ ათეულში ძალიან ბევრი გამორჩეული შემსრულებელი ვერ მოხვდა).
კამერონის ექსპერიმენტებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ის თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ვიზუალურ მხარეს (კლიპებს) და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების სინთეზს აქცევს ყურადღებას, ალბათ ცალკე აღნიშვნის ღირსი მისი ტექსტებია, არ დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ, Miami Memory-ის შემთხვევაში – მაგალითი სახეზეა

1.

TR/ST – cor
ქვეყანა:
🇨🇦 კანადა
ლეიბლი: Grouch/Royal Mountain

რობერტ ალფონსის მუსიკალური პროექტი TR/ST წელს ორი სტუდიური ალბომით გამოირჩა. The Destroyer (Part 1) ისევე როგორც The Destroyer (Part 2) წლის საუკეთესო ალბომების რიცხვშია. აქ წარმოდგენილ სიმღერებს რთულია მოუძებნო ნაკლი. ამ ორში ყოველი სიმღერა გამორჩეულია, მათ შორის გამორჩეული კი cor-ია, საუკეთესო საუკეთესოებს შორის, სევდის ერთგვარი მანიფესტი რომელიც არ შეიძლება მსმენელში განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევდეს.
ამ სიის წინასიტყვაობაში ათეულის შედგენის სირთულე ვახსენე, ათი სიმღერის გადარჩევის გარდა რთული იყო ასევე კომპოზიციებისთვის კონკრეტული პოზიციის მინიჭება. თუმცა, პირველი ადგილის შემთხვევაში მსგავსი სირთულის წინაშე ნამდვილად არ დავმდგარვარ

მსგავს თემაზე