ლიტაგორას პოდკასტებსა თუ ზოგადად ვიდეოებში ფეხბურთის თემა იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, ის რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში ვართ სცდება მკაცრად სპორტულ არეალს და სოციო-კულტურული ინტერესის საგნად გვევლინება. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ახლო თუ შორეულ წარსულში არა ერთი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელი ჰყავდა, იმას რასაც ამჟამად ვადევნებთ თვალს რთულია შეადარო სხვა გამოცდილებას. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უყურებს ყველა, ერთნაირად აღფრთოვანდება ის ვინც ფეხბურთს წლებია ადევნებს თვალს და ისიც ვისთვისაც სპორტის ეს სახეობა სხვა არაფერია თუ არა მოედანზე ფუჭად მორბენალი 22 ადამიანი. კვარაცხელიას ფენომენზე საუბარი მრავალმხრივ შეიძლება, სწორედ ამიტომაა რომ ოპტიკური ნაკადის მორიგ ეპიზოდში გადავწყვიტეთ მოგვეწვია ადამიანები რომლებიც არა მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულები არიან და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლამდე დიდი ხნით ადრე აკვირდებოდნენ, არამედ ამ საკითხის საკუთარი პროფესიული ჭრილიდან განხილვაც შეუძლიათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტული ეპიზოდის ინსპირაცია დათო ჩიხლაძე იყო რომელმაც კვარაცხელიას საკითხი ოპტიკური ნაკადის სულ პირველ გადაცემაში წამოწია, დათო მედია თეორისტია, ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრი და ლიტაგორას აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი სტუმარი. ნინო სამხარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია ნაციონალიზმის მიმართულებით, ნინოს დისერტაცია იკვლევს ფეხბურთის როლს იდენტობის საკითხებში 80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში