ერთ კვირაზე ნაკლებში თბილისი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენას, საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის წელსაც ფესტივალზე სხვადასხვა პროგრამაა წარმოდგენილი, აქ ვხვდებით ერთის მხრივ ტრადიციულ სექციებს, მაგალითად, “ევროპულ ფორუმს”, “ჰორიზონტებს” და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ სხვა კატეგორიებს, ამავდროულად, არის სიახლეებიც, მაგალითად “ოსკარის მაძიებლების” კატეგორია, რომელსაც ფესტივალის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

გარდა იმისა რომ ფესტივალზე მაყურებელს ტრადიციულად გერმანიაში წარმოებული ფილმების ნახვა ცალკე კატეგორიად შეეძლება, განსაკუთრებული ყურადღება რიგით 23-ე კინოფესტივალზე მიექცევა კიდევ ორ ქვეყანას, რუმინეთს (ქვეყანა ფოკუსში) და უკრაინას (უკრაინა: თავისუფლების ფერები). რაც შეეხება კიდევ ერთ ტრადიციულ სექციას (რეჟისორი ფოკუსში), წელს ყურადღების ცენტრში აგნეშკა ჰოლანდი.

ცხადია ფესტივალზე წარმოდგენილი ფართო თემატიკიდან გამომდინარე, ნებისმიერ მაყურებელს მისთვის საინტერესო ინდივიდუალური პროგრამის შედგენა შეუძლია, მეორეს მხრივ, მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში შესაძლოა ჩვენს მიერ მომზადებული სელექციაც დაგეხმაროთ. ამავდროულად, გაითვალისწინეთ რომ ქვემოთ მოყვანილ ფილმების რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს.

სევდის სამკუთხედი/Triangle of Sadness 
რეჟისორი: რუბენ ოსტლუნდი
ქვეყანა: შვედეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ა.შ.შ., დანია, შვეიცარია, მექსიკა
სექცია: ევროპული ფორუმი
ხანგრძლივობა: 2 სთ. 27 წთ.
როდის: 11 დეკემბერი, 21:00
სად: ამირანი 1

სიას ყველაზე მოსალოდნელი რჩევით ვხსნით. წლევანდელი კანის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი უკვე თვეები კინომოყვარულების რადარის დაკვირვების ქვეშაა, ინტერესს ერთი ორად რუბენ ოსტლუნდის ფაქტორიც ზრდის – ავტორი რომელმაც კანის კინო ფესტივალის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა (2017-ში გამარჯვებულად “კვადრატი” დასახელდა) . ამავდროულად, სევდის სამკუთხედი თემის თვალსაზრისით რეჟისორის წინა ნამუშევრის ერთგვარ გაგრძელებადაც შეგვიძლია დავინახოთ, იმდენად რამდენადაც აქ კრიტიკის მთავარ ობიექტს სამყაროს ძლიერნი და სუპერ მდიდრები წარმოადგენენ

ცის ნაწილი/A Piece of Sky 
რეჟისორი: მიხაელ კოხი
ქვეყანა: შვეიცარია/გერმანია
სექცია: ოსკარის მაძიებლები
ხანგრძლივობა: 2 სთ. 16 წთ.
როდის: 9 დეკემბერი, 16:00
სად: ამირანი 2

პირველი რაც ცის ნაწილის ტრეილერის ნახვისას ყურადღებას იპყრობს ის გასაოცარი გამოსახულებაა, რომელიც ფილმის დიდ ეკრანზე ნახვის სურვილს აღძრავს. ამავდროულად, მიხაელ კოჰის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შინაარსობრივი მხარე უნივერსალურ თემებს ეხმაურება – სიყვარულს, ურთიერთობას, სიკვდილს და ზოგადად, სიცოცხლეს

კინოთეატრი საბაია/ Cinema Sabaya 
რეჟისორი: ორიტ ფუქს როსტემი
ქვეყანა: ისრაელი
სექცია: ოსკარის მაძიებლები
ხანგრძლივობა: 91 წთ.
როდის: 5 დეკემბერი, 21:00; 9 დეკემბერი, 14:00
სად: ამირანი 3

ისრაელმა წელს ოსკარზე კინოთეატრი საბაია წარადგინა. ფილმი სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე პერსონაჟების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც თავისი ცხოვრების აღწერა კამერის მეშვეობით უწევთ. ამ პროცესში ერთის მხრივ ვხედავთ კონკრეტული ადამიანების რწმენებს და კონფლიქტს საპირისპირო შეხედულებების მქონე ინდივიდებთან, თუმცა, ამავდროულად ფილმი იკვლევს თუ როგორ შეიძლება მსგავსი დაპირიპისპირება შემცირდეს ადამიანური ურთიერთობების და საკუთარი გამოცდილების გაზიარების და მოსმენის პირობებში

გეგმა 75/ Plan 75
რეჟისორი: ჩი ჰაიკავა
ქვეყანა: იაპონია, საფრანგეთი, ფილიპინები
ხანგრძლივობა: 1 სთ. 45 წთ.
სექცია: ოსკარის მაძიებლები
როდის: 7 დეკემბერი, 14:00
სად: ამირანი 2

კიდევ ერთი ფილმი ოსკარის მაძიებლების კატეგორიიდან, ამჯერად იაპონიიდან. თუმცა, ფილმის მიხედვით იაპონიის ამ ვერსიაში ვხედავთ ქვეყანას სადაც 75 წელს მიღწეულ მოქალაქეებს საკუთარი ცხოვრების დასრულება ევთანაზიის საშუალებით შეუძლიათ. უფრო მეტიც, მთავრობა მათ ამაში ხელს უწყობს, ამრიგად აქ შეიძლება ითქვას დისტოპიურ სამყაროს ვხედავთ, ამავდროულად შეიძლება უბასუტეც გაგვახსენდეს, ძველი იაპონური ტრადიცია რომლის მიხედვით ასაკოვან ადამიანებს სიცოცხლე ტყეში თუ მთაში სიმარტოვეში უნდა დაესრულებინათ

დასავლეთის ფრონტი უცვლელია/ All Quiet on the Western Front
რეჟისორი: ედვარდ ბერგერი
ქვეყანა: ა.შ.შ., გერმანია
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ხანგრძლივობა: 2 სთ. 27 წთ.
როდის: 9 დეკემბერი, 16:00
სად: ამირანი 1

მიუხედავად იმისა რომ დასავლეთის ფრონტი უცვლელია უკვე კვირებია რაც ნეტფლიქსზეა ხელმისაწვდომი და ალბათ მისი მოძიება არც ინტერნეტ წყაროებში გაჭირდება, ერიხ მარია რემარკის ძალიან პოპულარული ანტი-მილიტარისტული ნაწარმოების (იმდენად რამდენადაც ნაწარმოები ომის შესახებ შეიძლება იყოს ომის საწინააღმდეგო მოვლენა) ეკრანიზაციის დიდ ფორმატში ყურება სულ სხვა გამოცდილებას წარმოადგენს

ლურჯი ხიფთანი/ The Blue Caftan
რეჟისორი: მარიამ ტუზანი
ქვეყანა: საფრანგეთი, მაროკო, ბელგია, დანია
სექცია: ოსკარის მაძიებლები
ხანგრძლივობა: 1 სთ. 58 წთ.
როდის: 6 დეკემბერი, 12:00
სად: ამირანი 3

ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ტუზანის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მაროკოელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს. ჰალიმი და მინა ხიფთანის ტრადიციულ მაღაზიას უძღვებიან, თუმცა, მათი ცხოვრება და ურთიერთობა ახალგაზრდა შეგირდის, იუსუფის დაქირავების შემდეგ იცვლება, როდესაც მინა ხვდება იმ გრძნობას, რომელიც მის მეუღლეს იუსუფის მიმართ უჩნდება

მარიუპოლისი 2/ Mariupolis 2
რეჟისორი: მანტას კვედარავიჩიუსი
ქვეყანა: ლიეტუვა, საფრანგეთი, გერმანია
სექცია: ინიციატივა DOCA
ხანგრძლივობა: 1 სთ. 52 წთ.
როდის: 5 დეკემბერი, 16:00
სად: ამირანი 3

მართალია თბილისის კინოფესტივალი მხატვრულ კინოზე ფოკუსირდება, პროგრამით დოკუმენტურ კინოცაა გათვალისწინებული. ამ მხრივ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარიუპოლში მოკლული მანტას კვედარავიჩიუსის ფილმი, რომელზეც მუშაობა მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დასრულდა. მარიუპოლისი 2, რომელსაც წინ უძღოდა რეჟისორის მიერ 2015 წელს გადაღებული მარიუპოლისი, აღწერს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას დაბომბვების და ომის ფონზე

უტამა/ Utama
რეჟისორი: ალეხანდრო ლოიასა გრისი
ქვეყანა: ბოლივია
სექცია: ოსკარის მაძიებლები
ხანგრძლივობა: 1 სთ. 27 წთ.
როდის: 9 დეკემბერი, 12:00
სად: ამირანი 1

ბოლივია. მთები. ალეხანდრო ლოიასა გრისის სადებიუტო ნამუშევარი კეჩუას ხალხთა წარმომადგენელ წყვილზე გვიყვება. უჩვეულოდ გახანგრძლივებული გვალვის და კლიმატის ცვლილებების ფონზე ვირჯინიოს და სისას ცხოვრება რადიკალურად იცვლება და მათ რთული არჩევანის წინაშე აყენებს

ბიჭი სამოთხიდან/Boy from Heaven 
რეჟისორი: ტარიქ სალეჰი
ქვეყანა: შვედეთი, საფრანგეთი, ფინეთი, დანია
სექცია: ოსკარის მაძიებლები
ხანგრძლივობა: 2 სთ. 6 წთ.
როდის: 9 დეკემბერი, 16:00
სად: ამირანი 3

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმის მოვლენები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ვითარდება, ის სტამბოლში გადაიღეს. რეჟისორი ქვეყნიდან რამდენიმე წლით ადრე “ნილოსის ჰილტონის ინციდენტზე” მუშაობისას გააძევეს და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ეს გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე რომ ნაწარმოები ეგვიპტის გავლენიან ადამიანებს აკრიტიკებს, მსგავს კრიტიკას სალეჰი ახალ ნამუშევარშიც აგრძელებს, სადაც მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავს რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოაჩენს

და ბოლოს, მეათე რჩევად არა კონკრეტული ფილმი, არამედ ზოგადად ქართული პანორამა გვინდა შემოგთავაზოთ. ბოლო რამდენიმე წელია ქართული კინოში გამოჩნდა საინტერესო ავტორები, განსხვავებული ხედვები და ზოგადად ამ მიმართულებით ახალი პროცესების მომსწრენი ვართ. ამ მხრივ წელს ახალი ნაწარმოებების ნახვა შეიძლება სხვადასხვა სექციებში, როგორც სრულმეტრაჟიან მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს შორის, ასევე მოკლემეტრაჟიანებში. ყურადღებას იქცევს სოსო ბლიაძის უბიუჯეტო, ენთუზიაზმზე შექმნილი ნამუშევარი, “ჩემი ოთახი”, რომლის წარმატება უკვე არა ერთ ფესტივალზე აღინიშნა. ასევე საინტერესო უნდა იყოს კოტე კალანდაძის “დრამერის” ნახვა, ლაშა ცქვიტინიძით მთავარ როლში და დავით ფირცხალვას “დიდი შესვენება”, რომელიც საქართველოს კანდიდატია ამერიკული კინოაკადემიის მომავალ დაჯილდოებაზე. სრულმეტრაჟიან დოკუმენტურებში შედგება თეკლა ასლანიშვილის ექსპერიმენტალური ნამუშევრის ქართული პრემიერაც, “სახელმწიფო სახელმწიფოში” ქართული, ესპანური და გერმანული კოპროდუქციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რკინიგზის მშენებლობას, დანგრევას და ფრაგმენტაციას ასახავს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ექვსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული და რვა დოკუმენტური ნამუშევარი, რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანებს, მხატვრულ სექციაში სულ ათი, დოკუმენტურში კი შვიდი ფილმის ნახვა იქნება შესაძლებელი.

თბილისის 23-ე კინოფესტივალის სრული პროგრამის დღეების მიხედვით ნახვა აქ შეგიძლიათ.

——————————————————————————————————————————————–

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015

———————————————————————————————————————————————

მსგავს თემაზე ჩვენი არქივიდან