1997 წელს მსოფლიო პოპ მუსიკის სხვადასხვა ჩარტში ტოპ ადგილები სიმღერამ სახელწოდებით Tubthumping დაიკავა. კომპოზიცია რომელიც ასევე FIFA 98-ის ოფიციალურ საუნდტრეკად შეირჩა, ბევრმა უბრალოდ კიდევ ერთი პოპ ჯგუფის ჰიტად აღიქვა. თუმცა, ჯგუფს Chumbawamba ერქვა, რომელიც აქამდე მეტწილად პანკ სცენაზე იყო ცნობილი და იდეოლოგიურად ანარქიზმისკენ იხრებოდა.
1997-ში ბენდმა სხვა მასშტაბები აითვისა, კონტრაქტი უზარმაზარ მუსიკალურ ლეიბლთან, EMI-თან გააფორმა და გლობალური ჰიტი ჩაწერა. ამ გადაწყვეტილებამ ჯგუფის გულშემატკივრებისგან კრიტიკა გამოიწვია. მათი აზრით ჩამბავამბამ საკუთარ ღირებულებებს უღალატა. ამის მიუხედავად სიმღერის შინაარსობრივი მხარე ჯგუფის პოლიტიკური შეხედულებების ერთგულია და სისტემისგან ათასჯერ დაჩაგრული, მაგრამ წინააღმდეგობით სავსე მშრომელის შესახებ მოგვითხრობს. ზოგადად Chumbawamba – ს ალბომიდან ალბომამდე მის დაშლამდე (2012 წელს) განსხვავებული სტილი და ჟღერადობა ახასიათებდა, თუმცა, ის რაც ამ ყველა ეკლექტურ ალბომს აერთიანებს ჯგუფის იდეოლოგიური მსოფმხვედველობა და სხვა სამყაროს დანახვის სურვილია